ბრიუსელი

ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის შენობაში 100 უსახლკარო ქალს თავშესაფარი მისცეს

RTBF

ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის შენობაში 100 უსახლკარო ქალს თავშესაფარი მისცეს. მათი ნაწილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ჰელმუტ კოლის სახელობის შენობამ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს ქალები 29 აპრილს შეიფარა. ოფისები საცხოვრებელ სივრცედ გადააკეთეს. მათ უზრუნველყოფენ საკვებით და სამედიცინო დახმარებითაც.

ევროპის პარლამენტის შენობა ამჟამად დიდწილად ცარიელია. ევროპარლამენტარების უმეტესობა სესიებს ონლაინ ჩარტის მეშვეობით ესწრება. სტრასბურგში სესიები ივლისამდე შეჩერდა.

ბრიუსელის მთავრობამ უსახლკაროთათვის ადგილები გამოყო სასტუმროებშიც.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი თითქმის ყველა ქვეყანაში გაიზარდა. ამის გამო ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთსა და საფრანგეთში სპეციალური ზომები შემოიღეს.

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საყოველთაო კარანტინის შემოღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში გენდერული ძალადობის ფაქტზე ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევები 12.4%-ით, ონლაინ კონსულტაცია კი 270%-ით გაიზარდა.

მთავრობამ ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ქალებს ხელს შეუწყობს დარეკონ ცხელ ხაზზე. "ჩვენ შენთან ვართ" წერია ბანერებზე, რომლებიც ესპანეთის ქუჩებშია გამოკრული ცხელი ხაზის ნომრით 016.

საფრანგეთში, COVID-19-ის გავრცელების გამო შემოღებული კარანტინის პირობებში, ოჯახში ძალადობის და გენდერული ძალადობის მსხვერპლებს, რომლებსაც პოლიციაში დარეკვის ეშინიათ, მოუწოდებენ აფთიაქებში მივიდნენ და კოდური სიტყვა "ნიღაბი 19" გამოიყენონ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით პარიზში ოჯახური ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებების რიცხვი კარანტინის შემოღებიდან 36%-ით გაიზარდა. მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფისოქოლოგიური კონსულტაციის ცენტრები სუპერმარკეტებში გაიზრდება, ხოლო მსხვერპლთათვის სასტუმროებში 20,000 ღამეს დააფინანსებენ.

კომენტარები