მოსკოვი

პუტინი: ჩვენი შემდგომი ნაბიჯი ევრაზიული გაერთიანების ამოქმედება იქნება

 

ვლადიმირ პუტინი დღეს პარლამენტში ქვედა პალატის წინაშე პრემიერ-მინისტრის ამპლუაში უკანასკნელად წარსდგა. მან საკუთარ ანგარიშში რუსეთის მთავრობის მიერ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო ამოცანებზე ისაუბრა.

გამოსვლის დასაწყისში პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინა მღელვარე პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ დემოკრატიულმა ქვეყანამ მომავალზე უნდა იფიქროს, რომ რუსეთი ერთია და მის განვითარებაზე ზრუნვამ უნდა გააერთიანოს ყველა პოლიტიკური ძალა.

თავის გამოსვლაში რუსეთის პრემიერმა და ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გაიხსენა ეკონომიკური კრიზისიც და აღნიშნა, რომ ქვეყანამ სირთულეების გადალახვა „საერთო პასუხისმგებლობით, საზოგადოების მხარდაჭერითა და პარტნიორობით მოახერხა.

ანგარიშის წარდგენისას პუტინმა იმ ამოცანებზეც ისაუბრა, რომლებზეც მთავრობა მისი გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყებს მუშაობას. ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მან უახლოეს წლებში 25 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება დაასახელა. პუტინის თქმით, მთავრობა რამდენიმე მთავარ ამოცანაზე კონცენტრირდება: ქვეყნის დემოგრაფიული კუთხით განვითარება, რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონების განვითარება, ახალი, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო ანაზღაურების არანაკლებ 1,6 – 1,7- ჯერ გაიზრდა 2020 წლისთვის, მყარი ეკონომიკის შექმნა და მსოფლიო მასშტაბით რუსეთის პოზიციების გამყარება.

„ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების ამოქმედება იქნება.“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისგან (WTO) რუსეთი მაქსიმალური სარგებლის მიღებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში პუტინის შესვლისას ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ წევრები სრული შემადგენლობით არ წამომდგარან ფეხზე. „ჩვენ არ ვართ ვალდებულნი წამოვდგეთ, რადგან მის პოლიტიკას არ ვუჭერთ მხარს.“ - განაცხადა პარტიის წევრმა ილია პონომარევმა.

 

კომენტარები