იულია ტიმოშენკომ უკრაინის პროკურატურის ვარაუდს იმის შესახებ, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს დეპუტატ ევგენი შერბანის მკვლელობასთან, აბსურდული უწოდა. ”სასაცილოა მათი მცდელობა, გამრიონ შერბანის საქმეში - ეს აბსურდია.“ - განაცხადა მან.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, უკრაინის მთავრობას ასეთივე წარმატებით შეუძლია მას მიაწეროს მაიკლ ჯექსონისა და უიტნი ჰიუსტონის სიკვდილი.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატ ევგენი შერბანის საქმის გამოძიება 5 აპრილს განაახლა, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი პოლიტიკოსის შვილმა საქმესთან დაკავშირებით ახალი მასალები წარადგინა.
პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტების საფუძველზე შესაძლებელია გამოიკვეთოს ტიმოშენკოსა და პაველ ლაზარენკოს მონაწილეობა 1996 წელს ჩადენილ დანაშაულში. (ლაზარენკო იყო უკრაინის პრემიერ-მინისტრი 1996-97 წლებში, მოგვიანებით ის გაასამართლეს აშშ-ში, ფულის გათეთრების ბრალდებით)
გამოძიების ვერსიით, ფული, რომელიც დონეცკის აეროპორტში სახალხო დეპუტატის შერბანის და მისი მეუღლის მკვლელობისათვის 1996 წელს გადაიხადეს, ტიმოშენკოსა და ლაზარენკოს კომპანიებს ეკუთვნოდა.





