ლეონარდო და ვინჩი

დიდ ბრიტანეთში ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერები გამოაქვეყნეს

დიდ ბრიტანეთში ლეონარდო და ვინჩის უბის წიგნაკი გამოაქვეყნეს. ჩანაწერებში აღორძინების ხანის უდიდესი ხელოვანი და სწავლული იტალიაში, ქალაქ პავიაში მოგზაურობას აღწერს. ხელნაწერი ცხადყოფს, რომ პავიაში და ვინჩი ადამიანის თავის ქალის ყიდვას და ნიანგის ყბის აღწერას აპირებდა.

წიგნაკის ერთ-ერთ გვერდზე იმ ნივთების ჩამონათვალიცაა, რომლებიც მხატვარმა 500 წლის წინ მგზავრობისას თან წაიყო. საგნებს შორის არის სათვალე, პირსახოცი და თასმები ფეხსაცმელისათვის, აგრეთვე, მინის ნატეხი, სამედიცინო ხერხი და სხვა ქირურგიული ინსტრუმენტები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს სია ხელოვანმა დაახლოებით 1510 წელს შეადგინა, როდესაც იგი პავიაში ადამიანის ანატომიის შესასწავლად გაემგზავრა.

ჩანაწერების თანახმად, და ვინჩის გეგმაში აგრეთვე, შედიოდა მომაკვდავი ადამიანის სხეულის გაზომვა.

იმის მიუხედავად, რომ ლეონარდო და ვინჩი საუკუნეების განმავლობაში აღორძინების ეპოქის ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად მიიჩნეოდა, მის ანატომიური გამოკვლევებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

მხატვრის უბის წიგნაკს ფართო საზოგადოებას პირველად ანატომიური სურათების გამოფენაზე, ბუკინგების სასახლეში წარუდგენენ. მისი ხილვა დამთვალიერებელს 4 მაისიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლება. მიიჩნევენ, რომ და ვინჩის ნახატებით შექმნილი ალბომი, რომელიც ჩანაწერებს ახლავს თან, მე-17 საუკუნეში ინგლისის მეფის, კარლ მეორის მფლობელობაში იყო.

 

კომენტარები