Europian Blues Challenge

T.BLUES MOB

ბერლინში მეორედ გაიმართა ფესტივალი Europian Blues Challenge, რომელშიც საქართველოდან ჯგუფი T.BLUES MOB-ი მონაწილეობდა. ბენდის შესახებ დასავლეთ ევროპაში იმაზე მეტი იციან, ვიდრე საქართველოში. არადა, 1998 წელს, კოკა ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ გაერთიანებას 500-მდე კონცერტი აქვს გამართული დანიაში, გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, რუსეთში, ტაილანდში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში. მონაწილეობდნენ ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა მაგალითად: Midfyns, Notoden Blues Fest, Samso Fest, Kloften, Loftoden, Harley-Davidson Rock Fest, Lillehammer, Skandeborg Rock Fest, Flashboda Blues Fest, Aborg Blues & Jazz Fest, Copenhagen Blues Fest, Kavkaz Jazz Festival, Black Sea Jazz Fest, Odda Bluesfest, The Band და ა.შ. ქართველი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული T.BLUES MOB-ი არაერთხელ გამოსულა სცენაზე ცნობილ ჯგუფებთან, ბლუზმენებთან და როკ შემსრულებლებთან, საკმარისია დავასახელოთ Johnny Winter, Alvin Lee, Omar & the Howlers, Dave Hole, Magic Slim & the Teadrops, Blaze, Walter Trout, Guy Forsyth, Rob Tognoni და სხვები. ჩაწერილი აქვს: LIVE IN DENMARK, UNEXPECTED, LIVE IN DENMARK 2010; ამჟამინდელ შემადგენლობაში, ლიდერის - ვოკალისტისა და ბასისტის - კოკა ცქიტიშვილის გარდა, ერთიანდებიან: თამაზ თხინვალელი (საუკეთესო ბლუზ-გიტარისტი საქართველოში), რომა რცხილაძე (ბუგის და ბლუზის შემსრულებელი), ზაზა ცერცვაძე (ბლუზისა და ჯაზის დრამერი), საბა ჩიხლაძე (ტუჩის ჰარმონიკა); აღსანიშნავია, რომ ბენდი თანამშრომლობს უცხოელ პროდიუსერთან - ფლემინგ კრისტენსენთან, რომლის საპრომოუტერო კომანია დაახლოებით 57 ბლუზის და რითმენ ბლუზის ვარსკვლავს აერთიანებს.

ბერლინში ორგანიზებულ ფესტივალზე საქართველოში ახლად დაბრუნებული ბენდის ორ წევრს გავესაუბრეთ:

კოკა ცქიტიშვილი: - ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა პირველად მივიღეთ. მასშტაბური ღონისძიება საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ამის თქმის უფლებას ჩვენი 14 წლიანი ისტორია და დაახლოებით 47 ფესტივალში მონაწილეობის გამოცდილება გვაძლევს. დავუკარით ფანტასტიურ დარბაზში, რომელიც კარგი აპარატურით და განათებით გამოირჩეოდა. ერთადერთი ცოტა გაკვირვება გამოიწვია შედეგმა, რამდენადაც პირველი ადგილი აიღო არა ბლუზის, არამედ ფოლკ-როკის წარმომადგენელმა - რიტა ენგედალენმა, რომელიც, როგორც მომღერალი, ძალიან კარგი და საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ნორვეგიელის ბენდის გამარჯვება არ შეესაბამებოდა ფესტივალის მიმართულებას და სახელწოდებას: Europian Blues Challenge, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟიურის საუკეთესო

ბლუზ-ბენდი უნდა გამოევლინა. მეორე ადგილზე გავიდა ავსტრიელი ნორბერტ შნაიდერი, რომლის შესრულებაც პოპ-მუსიკის ელემენტებით იყო გაჯერებული, ხოლო მესამეზე - ბენ პული, რომელიც ნამდვილად არაჩვეულებრივი გიტარისტია. ასევე, მოგვეწონა ჯგუფები ჰოლანდიიდან, შვეიცარიიდან, კარგი იყო ფრანგი გიტარისტი, ანუ გამარჯვებულებზე უკეთესი არჩევანი ჟიურის, რომლის წევრებიც საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ, ნამდვილად ჰქონდა . . .

-რას იტყვით საფესტივალო ფორმატზე?

-ფესტივალის ფორმატი იყო რთული, რამდენადაც ყოველ 25 წუთში ახალ-ახალი ჯგუფები უკრავდნენ. პირველ დღეს 9 ჯგუფი გამოვიდა, ხოლო მეორე დღეს - 10, ანუ „ნონსტოპი“იყო, რამაც საკმაოდ დაღალა როგორც ჟიური და მაყურებელი ასევე ხმის-ინჟინრები. . .

- T.BLUES MOB-ის გამოსვლას როგორ შეაფასებდით?

-ვთვლი, რომ ძალიან კარგად გამოვედით! ბოლოები ვუკრავდით და მაყურებელი თავიდან ბოლომდე აქტიურად გვქომაგობდა. ბიჭებმა ფანტასტიკურად დაუკრეს! გამარჯვებას ბევრი წინასწარ გვილოცავდა, მაგრამ ჟიურის არჩევანი სხვაგვარი აღმოჩნდა... გულდასაწყვეტია, რომ დანარჩენებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გახლდნენ გულშემატკივრები, რომელთა აქტიურობითა და სიმრავლით, მაგალითად დანიელები და ნორვეგიელები ყველასგან გამოირჩეოდნენ.

-საქმიანი შემოთავაზებები ხომ არ მიიღეთ?

-დიდი მადლობა ქართულ ტელევიზია „პიკს“, კონკრეტულად ირინა ხანგოშვილსა და თემურ გაბაშვილს, რომლებიც ბერლინში გვახლდნენ. მათ გადაიღეს ფილმი, რომელიც „პიკის“ ეთერში მალე გამოჩნდება. ფესტივალის ბოლო მონაწილე ვიყავით და შესაბამისად, საქმიანი ურთიერთობებისთვის დიდი დრო, სამწუხაროდ, არ დაგვრჩა. თუმცა, „პიკის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში ბევრმა პროდიუსერმა გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი, მაგალითად შვეიცარიელებმა, იგივე პოლონელებმა, რომლებსაც მასშტაბური ფესტივალი აქვთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

-ბენდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ხარ და საინტერესოა შენი შთაბეჭდილება და გამოცდილება, რომელიც ფესტივალში მონაწილეობით მიიღე . . .

საბა ჩიხლაძე: - ჯერ ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე რომელიმე ინსტრუმენტზე დავუკრავდი, შემდეგ ვერ წარმოვიდგენდი თუ რომელიმე ჯგუფში მოვხვდებოდი და ბოლოს, მოვხვდებოდი პროფესიონალთა ბენდში, რომლებთან ერთადაც წავიდოდი გასტროლზე, ფესტივალზე და ა.შ. ბერლინში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე დავუკარით. ამასთან, ყველა შემთხვევით კი არა, ბლუზის მოსასმენად იყო მოსული. ვნახე როგორ მიდიოდა „საუნდჩეკი“, როგორ ემზადებოდნენ და ურთიერთობდნენ ერთმანეთთან მუსიკოსები, როგორ ულოცავდნენ ერთმანეთს, ყოველგვარი ბოღმის გარეშე... ყველაფერი ძალიან პოზიტიური და დადებითი

ემოციებით იყო სავსე... დავინახე, თუ როგორ არის იქ მუსიკა დაფასებული...

-როგორ აღმოაჩინე ჰარმონიკა და როგორ აღმოგაჩინეს შენ?

- მე და ჩემი ინსტრუმენტი 17 წლიდან ერთად ვართ, მაგრამ სერიოზულად დაკვრა გასული წლის ზაფხულიდან დავიწყე, როდესაც კოკამ დამირეკა და ჯაზ ფესტივალზე წამოდიო, მითხრა... ასეთ ბენდში დაკვრა და პროფესიონალ მუსიკოსებთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სტიმულია... რატომ მაინც და მაინც ჰარმონიკა? არ ვიცი... მოხდა ისე, როგორც ალბათ ერთი ნახვით შეყვარებისას ხდება ხოლმე... როდესაც ჰარმონიკას ხმა ლაივში, ანუ ქუჩაში გავიგონე, მივხვდი, რომ ჩემი ნაწილი იყო და მისი დაკვრა უნდა მესწავლა... თავდაპირველად ვეძებდი ადამიანებს, რომლებიც დაკვრას მასწავლიდნენ, მაგრამ ასეთი ვერავინ ვნახე და ბოლოს ყველაფერი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

კოკა ცქიტიშვილი: - საქართველოშიარის რამდენიმე საინტერესო ჰარფ-ფლეერი, მაგრამ ისინი რეგულარულად და პროფესიონალურ დონეზე არ უკრავენ. მათგან განსხვავებით საბა სისხლით და ხორცით მუსიკოსია და ამასთან, მას აქვს ის ჯადოსნური „ბლუ ნოუთი“, რომელიც ბლუზმენისთვის აუცილებელია...

-რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბლუზი საქართველოში პოპულარული გახდეს?

-საქართველოში ამ სტილის მუსიკის დეფიციატია და საჭიროა მისი ჯანსაღი პროპაგანდა. არ მინდა ვისაუბრო ხხვადასხვა სტილზე, რომლებიც ქართულ სივრცესა და მეს-მედიაში დომინირებს, მაგრამ რაღაც ბალანსი ხომ უნდა იყოს დაცული? თბილის ყოველთვის გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის ქალაქებისგან იმით, რომ აქ იყო მრავალფეროვნება და დღესაც კი ძალიან ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც მაშინ საქართველოში ჩამოდიოდნენ, თბილისს დღემდე მუსიკის მექად და ფლაგმანად იხსენებენ... ბოლო წელიწადნახევარია შევცვალეთ პოლიტიკა და ადრე თუ 5-6 თვე გასტროლებზე ვიყავით და სამშობლოში დაბრუნებულები დასვენებას ვამჯობინებდით, ახლა გვინდა, რომ ქართველი მსმენელი დავაინტერესოთ, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, რომლებსაც ბლუზისადმი ინტერესი აქვთ. გამოვუშვებთ ალბომს, რომელიც ცოცხლად ჩავწერეთ დანიაში ბოლო ტურნეს დროს, შემდეგ გამოვა მეორე ალბომი, მხოლოდ უკვე სტუდიური ნამუშევარი, ფადავიღებთ კლიპების და მონაწილებას მივიღებთ ჯაზ ფესტივალში, რომელიც საქართველოში უკვე ტრადიციულად იმართება. ჩვენი სურვილია საქართველოში ჩატარდეს პირველი საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი, რითაც ძალიან დაინტერესდა ქუთაისის მერი - გიორგი თევდორაძე და იმედია ჩანაფიქრი ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განხორციელდება.

 

კომენტარები