NDI

ბოკერია: არაადეკვატური შეხედულება საზოგადოებაზე წარუმატებლობის მიზეზი ხდება

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, გადაცემა აქცენტებში, კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა ჩაატარონ კვლევები საერთაშორისო ორგანიზაციებმა NDI-იმ და IRI-მ არჩევნებამდე. მისი თქმით, ეს კვლევები ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციის საგანი ხდება „ისეთ ავტორიტარულ ქვეყანაში“, როგორიც საქართველოა. ალასანიას განცხადებით, მათ კითხვები აქვთ როგორც ორგანიზაციის მეთოდოლოგიასთან, ასევე რესპოდენტთა გულწრფელობასთან.

თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ იმავე გადაცემაში ისაუბრა მსგავსი კვლევების მიმართ დამოკიდებულებაზე და იმ სურათის წინააღმდეგობრივ ხასიათზე, რასაც ოპონენტები ხატავენ - ადამიანებს თითქოს ეშინიათ გულწრფელობის და პოლიტიკური სიმპათიის გამოხატვის, ამ დროს კი ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე, როგორიც ივანიშვილის მოქალაქეობაა, გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებას არ ეთანხმებიან. (NDI-ის უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმება 65%-მა უარყოფითად შეაფასა).

უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ისიც მოისმინა, რომ ეს მაჩვენებელი იმის დასტურია, თითქოს კვლევა არ ასახავს რეალობას, რადგან ამ პირობებში ქართული ოცნების რეიტინგი 10%-მდე არ უნდა დასულიყო. გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპონენტებს ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ მათ საკითხების დიფერენცირება არ შეუძლიათ - თუ მმართველ პარტიას უჭერენ მხარს, მას აუცილებლად ყველაფერში უნდა დაეთანხმონ, ან პირიქით. მისი განცხადებით, სწორედ ასეთი არაადეკვატური შეხედულება ქართულ საზოგადოებაზე ხდება წარუმატებლობის საფუძველი, რის შემდეგაც ვიქტიმიზაციაზე იწყებენ კაპიტალიზებას.

ბოკერიამ ისაუბრა იმაზეც, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა კანონიერად გაუუქმდა - მან თვითონ გააკეთა არჩევანი, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა, რამაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვა გამოიწვია. მისი განცხადებით, ეს ძალიან აშკარა შემთხვევა იყო, თუმცა, კვლევის შედეგი ნიშნავს, რომ ამ საკითხზე საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია ვერ მოახდინეს.

მართალია, NDI პოლიტიკურ რეიტინგებს თავად არ აქვეყნებს, თუმცა, პარტიებმა აღნიშნული ინფორმაცია მედიით გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას ხმას ამომრჩევლების 10% მისცემდა, მეორე არჩევნად კი კოალიციას 3% ასახელებს. იგივე მაჩვენებელი მმართველი პარტიისთვის 47% და 2%-ია. ამ მონაცემების გავრცელების შემდგომ ქართულმა ოცნებამ ეჭვი შეიტანა მის სანდოობაში. მათ ღია წერილითაც მიმართეს აშშ-ის ელჩს, რომ მსგავსი კვლევები არჩევნებამდე შეწყდეს.

საპასუხო წერილში ელჩმა აღნიშნა: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა შეხედულებების გარკვევაში გვეხმარება. ამგვარი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საკითხები აღელვებს საზოგადოებას ყველაზე მეტად. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს.

დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, აგრეთვე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ინფორმაცია და ანალიზი, რომელსაც გვთავაზობს კვლევა და ის, თუ კვლევის შედეგების რა ცალკეულ ასპექტებზე აპელირებენ ინდივიდუალური მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები და სხვა ორგანიზაციები“

 

კომენტარები