მინსკი

ევროპაში დაგმეს მინსკში ორი ახალგაზრდის სიკვდილით დასჯის ფაქტი

ევროპელმა ლიდერებმა და ადამიანთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა აღშფოთება გამოთქვეს მინსკში, ორი ახალგაზრდის სიკვდილით დასჯის გამო. მანამდე,  ახალგაზრდები დამნაშავედ ცნეს გასული წლის აპრილში, მინსკის მეტროში ტერაქტის მოწყობაში. ტერაქტს კი 15 ადამიანი შეეწირა.

 სიკვდილით დასჯის განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ ცნობა ბელარუსიის სახელმწიფო მედიამ , შაბათს გაავრცელა. ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველები მანამდე აღნიშნავდნენ, რომ სასამართლო პროცესი, რომელზეც ტერაქტში ბრალდებულების საქმეები განხილებოდა, დარღვევით წარიმართა. ევროპელი ლიდერები ლუკაშენკოს ახალგაზრდებისთვის სასჯელის შემსუბუქებას მოუწოდებდნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონის თქმით, განაჩენის გამოტანისას მინსკში არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული ნორმები.

„ბელარუსია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც დღემდე სჯიან ხალხს სიკვდილით,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა. მისი სიტყვებით: „ამ გზით ბელორუსიის მთავრობა არღვევს ადამიანების უფლებებსა და დემოკრატიულ ნორმებს და ახდენს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის იზოლირებას.“

ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან მოყოლებული ბელარუსიაში 400-მდე ადამიანია სიკვდილით დასჯილი.

 

კომენტარები