იუსტიციის სამინისტრო

ID ბარათით უკვე საქართველოს 200 000 მოქალაქე სარგებლობს

ელექტრონული პირადობის მოწმობის ID ბარათის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება და დოკუმენტის მიღების სურვილს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს, ამის შესახებ რუსთავში, იუსტიციის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა. მასზე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა ID ბარათების გაცემის სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი ამ დროისთვის 200 000 მოქალაქეს აქვს მიღებული.

საქართველოში პირველი ID ბარათი 2011 წლის 1 აგვისტოს გაიცა. დოკუმენტის მფლობელ მოქალაქეებს, იუსტიციის სამინისტრო საშუალებას აძლევს, ვებ-გვერდზე www.house.gov.ge საკუთარი პერსონალური ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერონ. იუსტიციის სამინისტროში ID ბარათმა უკვე ჩაანაცვლა საშვი, აღნიშნული ბარათები გამოიყენება კერძო სექტორშიც.

გიორგი გაბრიელაშვილის განმარტებით ID ბარათი მაღალტექნოლოგიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელიც გაყალბებისგან მაქსიმალურად არის დაცული.

 

კომენტარები