აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა დააკავა 22 პირი. ისინი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში , აგრეთვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები. აზერბაიჯანის ოფიციალური პირების ცნობით, დაკავებულები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კავშირის დავალებებით მოქმედებდნენ. ირანში გადასცემდნენ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას დათანხმდებოდნენ.
ჯგუფის წევრებისგან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. რადიო თავისუფლების ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ ეჭვმიტანილები გეგმავდნენ თავდასხმებს ბაქოში აშშ-სა და ისრაელის საელჩოებზე. ჯგუფში ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია ეკისრა აზერბაიჯანის მოქალაქე ნარდარან კარიმოვს. ის ხშირად გადადიოდა ირანში, სადაც სავარაუდოდ გადიოდა წვრთნას დივერსიული აქტების მომზადებაში.




