ირანი

აჰმადინეჟადმა ირანელი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმედინეჟადი დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მეჯლისში გამოცხადდა. ეს იყო ირანის პრეზიდენტის პირველი ამ სახის გამოსვლა პარლამენტში, ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში.

აჰმედინეჟადს ერთი საათი დასჭირდა საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გასამართლებლად. იგი ამტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილებები კანონთან შესაბამისია და არ ეწინააღმდეგება უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის, ძალაუფლებას. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”უსამართლობა და სიმხდალე იქნება მისი მთავრობის საქმიანობის 100-ზე ნაკლები პროცენტით შეფასება.’

მოქმედ პრეზიდენტს გართულებული ურთიერთობა აქვს სასულიერო ხელისუფლებასთან. მისი პარლამენტში გამოძახება კონსერვატორულად განწყობილი დეპუტატების ინიციატივა იყო, რომლებიც აჰმედინეჟადს ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობას, სულიერი ლიდერის მიმართ არაერთგულებასა და ისლამური ეთიკური კოდექსის შესუსტებას საყვედურობენ. აჰმედინეჟადის პოლიტიკური პოზიციები თვის დასაწყისში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა საგრძნობლად შეარყია. არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში მისი მომხრეების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

კომენტარები