სირიის ნავთობის მინისტრის მოადგილემ, აბდო ჰუსამელდინმა Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ოპოზიციას უერთდება. იგი პირველი სამოქალაქო მაღალჩინოსანია, რომელმა ბაშარ ასადის რეჟიმისგან განდგომა განიზრახა.
სირიის მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს მის გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისგან.
სირიაში დაპირისპირება გრძელდება. გაეროს წარმომადგენელმა ჰუმანიტარულ საკითხებში შეშფოთება გამოხატა სირიის ქალაქ ჰომსში არსებული მდგომარეობის გამო. ის ჰომსში ოთხშაბათს ჩავიდა და განაცხადა, რომ ქალაქის რამდენიმე უბანი, მთლიანად განადგურებულია. შეტაკებები ჰომსში გრძელდება, ოთხშაბათს ასადის ოპოზიციამ გაავრცელა ცნობა 39 ადამიანის დაღუპვის შესახებ. სირიაში ჩავა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანიც, რომელსაც სირიაში გაეროს სპეციალური დესპანის მისია აკისრია.




