გამოფენა

ბედნიერი მეოცნებე

მაი ლაშაურის გამოფენა ოატ გალერიში

თებერვალს, ოატ გალერი არტ კაფეში მაი ლაშაურის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ავტორმა ჯულიან კოვატჩევს, ცნობილ დირიჟორსა და არენა დი ვერონას დირექტორს მიუძღვნა. მაი ლაშაური სწორედ მან მიიწვია ვერონაში დეკორატორების სტუდიაში. ის თბილისურ გამოფენაზე საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში, როგორც გამოფენის საპატიო სტუმარი.

მიუხედავად საკმაოდ ცივი ამინდების და ძველი თბილისის მოყინული ქუჩებისა, გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. ჩემმა მეგობარმა, ცოტა რომ დავათვალიერეთ, თქვა, ეს ქალი ბედნიერი მეოცნებეაო. ცოტა ხანში კი მართლაც აღმოვაჩინეთ ერთი ნახატი ზუსტად ამ სახელწოდებით, ოღონდ ინგლისურად Happy Dreamer. მაი ლაშაურის ეს რვეულის ფურცლის ზომის ნამუშევრები კოლაჟებია და მათზე ჩანაწერებია დამატებული, რაც პერსონალური დღიურის ხასიათს ქმნის. ტექსტები მხიარულია და აბსურდული, როგორც ბედნიერების დამადასტურებელი საბუთი. ეს წინადადებები ზოგჯერ მეორდება და მეორდება და აბსურდული იუმორის გარკვეულ დამატებით დოზას ქმნის.

ზამთარში, როცა თბილისში ირგვლივ თითქმის არაფერი ხდება, ამ გამოფენამ, შეიძლება, ბავშვობა მოგაგონოთ ანდა ზაფხულის უდარდელობა გაგახსენოთ. დადაისტური ესთეტიკა თვალშისაცემია და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ნამუშევრები სულაც არ არის ცივი – დამთვალიერებელთან უშუალო დიალოგის გარემოს ქმნის.

ალბათ, ძალიან ძნელია თანამედროვე ხელოვნებისა და მისი წარმომდგენი გალერეების დღევანდელ გართულებულ კონტექსტში ლირიკული, ხელნაწერი და მცირე ზომის, საკმაოდ მოწყვლადი ნამუშევრები გამოფინო. მით უმეტეს, რომ ისინი საერთოდ არ არის გაპრიალებული და დღეს ასე მოდური სარემონტო დეკორატიული მასალის შესახედაობაც არა აქვს. ასეთ შემთხვევებში კი თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების ღირებულება მაშინვე ეჭვქვეშ დგება ხოლმე. მაგრამ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხარისხზე ასეთი მანერული და ბიუროკრატიული აკვიატებების გვერდით, რაღაც სხვაც უნდა არსებობდეს, უფრო მნიშვნელოვანი – თუნდაც, უბრალო და მარტივი ესთეტიკური ენერგია.

შეიძლება, ამიტომაც აქვს გამოფენას ასეთი სასაცილო და გამოგონილი სათაური “ბავშვო, ნუ იფიქრებ ნიუტონზე”. აქ არაფერია ჩვენი რაციონალური ყოველდღიური ცხოვრების “წარმატებული და ზუსტი” რუტინიდან. პირიქით, აინშტაინის მსგავსად, მხატვარიც თავისუფლად მოგზაურობს ბავშვური ემოციისა და ოცნებების და თანამედროვე ხელოვნების კონტექსტების სხვადასხვა პლასტებში. უფრო დიდ და ნამდვილ სამყაროს გვაჩვენებს.

დადაისტური და სიურრეალისტური პრიორიტეტების პარალელურად, მაი ლაშაურის გამოფენაზე ექსპერიმენტული პოეზიის შესანიშნავ და ლამაზ ტრადიციასაც ვხედავთ. საქართველოში ეს ხანდახან და ისე იშვიათად გაიელვებს ხოლმე, როგორც დიდი ხნის წინ საგულდაგულოდ დავიწყებული არაამბიციურობა და უშუალობა. ხელოვნების პროცესს, სინამდვილეში, სწორედ ასეთი გამოფენები ქმნის და არა რამე ხაზგასმით აკადემიური, დასრულებული და ჩაკეტილი. არც სხვადასხვა წამიერი და ისტერიკული ნოვაციები. გალერეები კი, ვინც ამგვარ გამოფენებს მასპინძლობს, არტისტებსაც ეხმარება და ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებასაც.

კომენტარები