სამი გოგონა წელს ზემოთ გაშიშვლდა და ანტისახელისუფლებო შეძახილებით გაიქცა საარჩევნო ურნისკენ იმ უბანზე, სადაც დღევანდელ არჩევნებზე ხმის მისაცემად, ვლადიმირ პუტინი მეუღლესთან ერთად იყო მისული.
როგორც საკუთარ Twitter-ზე ბლოგერმა ილია ვარლამოვმა დაწერა, აქციის მონაწილეებს სხეულს ქონდათ წარწერები: „ვიპარავ პუტინისთვის, “ „კრემლის ვირთხები.“ ვარლამოვის სიტყვებით, გოგონებმა ხმაურიანი შეძახილებით საარჩევნო ყუთის მოტაცება სცადეს.
სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა, დაკავების მომენტში კი ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს პოლიციის მანქანიდან მიაძახა, რომ მოძრაობა FEMEN-ს წარმოადგენს.
FEMEN უკრაინაული მოძრაობაა. მისი წევრები საპროტესტო აქციებს ხშირად მართავენ, მათ შორის უკრაინის გარეთაც, პროტესტს კი გაშიშვლებით გამოხატავენ. სააგენტო „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ფემინისტებმა საპროტესტო აქცია მოსკოვში "გაზპრომის" შენობასთან თებერვლის დასაწყისში გამართეს და მაშინ, აქციის ერთ-ერთ მონაწილე პოლიციელებმა დააკავეს.




