ირანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. 290 საპარლამენტო მანდატისთვის 3400 კანდიდატი იყრიდა კენჭს . 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეს ირანში გამართული პირველი არჩევნებია. მასში მთავარი მეტოქეები მსგავსი იდეოლოგიის პოლიტიკური ბანაკები, ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მომხრე კონსერვატორები და ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მხარდამჭერი ულტრაკონსერვატორები გახდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეფორმისტული მიმართულების მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მას წინასწარ ფარსი უწოდა. ირანის კონსერვატიულმა მთავრობამ და სასულიერო ლიდერებმა რეფორმისტული მოძრაობების წინააღმდეგ არაერთი რეპრესიული ღონისძიება ჩაატარეს.
ირანში 48 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრამდე, ისლამური რესპუბლიკის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე მისვლა მოუწოდა. მისი თქმით, არჩევნებზე აქტიურობა ირანის მტრების წინააღმდეგ (რაშიც მან დასავლეთის ქვეყნები იგულისხმა ) გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა. ვარაუდობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ხამენეის მხარდამჭერები გაიმარჯვებენ და ამ შეთმხვევაში 2013 წელი მძიმე იქნება იმ კანდიდატისთვის, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტი დაუჭერს მხარს. აჰმადინეჯადს მესამედ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება აღარ შეეძლება.




