ყირგიზეთის პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი 23 თებერვალს სამდღიანი ვიზიტით რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. იგი რუს კოლეგასთან, დმიტრი მედვედევთან მოლაპარაკებებს გამართავს. ყირგიზმა ლიდერმა რუსეთში წასვლამდე განაცხადა, რომ რუსეთს მის ქვეყანაში განთავსებული სამხედრო ბაზების გამოყენების პირობებზეც შეუთანხმდება. ქვეყნებს შორის ენერგო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, იგეგმება შეხვედრები რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან.
როგორც ცნობილია, ოფიციალური ბიშკეკი რუსეთის საკომუნიკაციო ცენტრს მასპინძლობს. ასევე, მოსკოვი ქვეყნის სამხრეთში მდებარე სეისმოლოგიურ სადგურსა და ისიკ-კულის ტბასთან მდებარე ბაზას იყენებს. საგულისხმოა, რომ ყირგიზეთს მანასის საჰაერო ბაზა ამერიკისთვის აქვს დათმობილი, რისთვისაც ეს უკანასკნელი იჯარას იხდის.




