რუსეთი

პანკების აქცია მოსკოვში - ღვთისმშობელო გააგდე პუტინი

გუშინ, რუსული პანკ ჯგუფის, Pussy Riot-ის სოლისტები მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, სადაც ყოველკვირეულად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი წირავს, ამბიონზე აიჭრნენ და „პანკ-ლოცვა“ აღასრულეს.  „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო გააგდე პუტინი“ - მღეროდნენ პანკები და საკურთხევლისგან ზურგშექცევით დიდ მეტანიებს პირჯვრისწერით აღასრულებდნენ. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც თავს სერაფიტას უწოდებს, სოციალურ ქსელებში აქციის მიზანი ასე განმარტა: „რადგან ასიათასიან მიტინგებს არ მოაქვთ სწრაფი რეზულტატი, ჩვენ ღვთისმშობლის დახმარების იმედზე ვართ.“

პანკ-ლოცვას“ რუსეთის საპატრიარქო გამოეხმაურა. რუსეთის ეკლესიის "საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთობის" განყოფილების ხელმძღვანელმა, პროტოპრესვიტერმა ვსევოლოდ ჩაპლინმა, ხელისუფლებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დაცვის კანონმდებლობის გამკაცრება მოსთხოვა. „ნორმა რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან რბილია. ჩვენ ვსაუბრობთ ქმედებებზე, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის აფეთქება შეუძლია. დარწმუნებული ვარ - რომ ეს ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში უნდა გადავიტანოთ. ახლა კი ვკითხოთ პოლიტიკოსებს, არიან თუ არა ისინი მზად ეს გააკეთონ  ან - გმობენ თუ არა ამ აქციას“ - აცხადებს ვსევოლოდ ჩაპლინი თავის ბლოგზე.

კომენტარები