ჯანდაცვის სამინისტრო

შპს ახალი სამშობიაროს საქმიანობა შეჩერებულია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრომ შპს "ახალი სამშობიაროს" საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.  მინისტრის, ანდრია ურუშაძის განმარტებით, მოკვლევამ აჩვენა, რომ ამ  სამედიცინო დაწესებულებაში უხეშად არის დარღვეული კანონით დადგენილი პირობები, რაც რისკს ქმნის იქ მყოფი პაციენტებისთვის.

 გავრცელებული ცნობით, კლინიკის საქმიანობა მანამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე იქ შესაბამისი პირობები არ შეიქმნება. პაციენტებს, აღნიშნული  სამედიცინო დაწესებულებიდან   სხვა სამშობიარო სახლებში გადაიყვანენ და მათთვის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

 ანდრია ურუშაძემ რამდენიმე დღის წინ 26 წლის ნინო მარტოიანის გარდაცვალების ფაქტს ტრაგიკული უწოდა. მან  განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განიხილება და სამედიცნო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

შპს ”ახალ სამშობიაროში” 26 წლის ნინო მარტოიანი 18 თებერვალს გარდაიცვალა, მისმა მკურნალმა ექიმმა კი თვითმკვლელობა სცადა. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ,რომ საავადმყოფოში მშობიარე ნორმალურ მდგომარეობაში მიიყვანეს , მან ბუნებრივი გზით უნდა ემშობიარა. სამშობიარო ბლოკში გადაყვანის შემდეგ კი, მარტოიანის მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტს დაეწყო ძლიერი სისხლდენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

 

კომენტარები