აშშ-საქართველო

ობამამ საქართველოში აშშ-ს ელჩის კანდიდატურა წარადგინა

თეთრი სახლის ოფიციალური საიტის ცნობით, პრეზიდენტმა ობამამ სენატს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა წარუდგინა.

კარიერული დიპლომატი რიჩარდ ნორლანდი 2007 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ივლისამდე უზბეკეთში, აშშ-ს ელჩი იყო. მანამდე, ორი წლის მანძილზე ის იყო მისიის მთავარი წარმომადგენელი ამერიკის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი). ამას გარდა, გახლდათ მისიის მთავარი წარმომადგენელი რიგაში(ლატვია) და მსახურობდა უფროს დიპლომატად მაზარი-შარიფში (ავღანეთი) - აშშ-ს შეიარაღებული ჯარების სამოქალაქო საქმეების ჯგუფთან ერთად, რომლის მიზანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა იყო.

2 წლის მანძილზე, კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციების პერიოდში,ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში ნორლანდს ევროპის საქმეები ებარა. ამასთან, უფროსი დიპლომატის რანგში, მუშაობდა აშშ-ს ურთიერთობებზე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ეუთოსა და საკვანძო ევროპელ პარტნიორებთან. ასევე მსახურობდა პოლიტიკურ მრჩევლად ამერიკის საელჩოში დუბლინში (ირლანდია) – დიდი პარასკევის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პერიოდში.

კარიერის დიდი ნაწილი ნორლანდმა აშშ-სა და რუსეთის, ასევე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე მუშაობაში გაატარა. მსახურობდა აშშ-ს საელჩოში მოსკოვში, გორბაჩოვის პერიოდში. ასევე მუშაობდა პენტაგონში საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე. გარდა ამისა, იყო აშშ-ს წარმომადგენელი და მოქმედი მისიის ხელმძღვანელი ეუთოს მისიაში საქართველოში, მუშაობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარებაზე, მოგვიანებით იმავე მიზნით ეწვია ჩეჩნეთს.

ნორლანდი მაროკოში დაიბადა და ცხოვრების მომდევნო წლები აფრიკაში, ევროპასა და აშშ-ში გაატარა. ინგლისურის გარდა, ფლობს რუსულ, ფრანგულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს.

 

კომენტარები