საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისებას გულისხმობს გრძელდება.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან. ერთი წლის განმავლობაში ეს სტუდენტები ინტენსიურად ქართულ ენას შეისწავლიან და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად გააგრძელებენ სწავლას.
პროგრამა სრულფასოვნად გასულ წელს ამოქმედდა. 300-მდე სტუდენტმა მხოლოდ ზოგადი უნარები ჩააბარა მშობლიურ ენაზე. 2011-2012 სასწავლო წლიდან ეს სტუდენტები უკვე აკადემიურ პროგრამებზე სასურველ ფაკულტეტებზე აგრძელებენ სწავლას. 2010 წელს ამ პროგრამით მხოლოდ სამმა აბიტურიენტმა ისარგებლა.
ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები დაფინანსებას ზოგად უნარებში აღებული ქულების მიხედვით იღებენ და ეს დაფინანება აკადემიურ პროგრამებზეც მიჰყვებათ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების მიღების წახალისების პროგრამა ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთა სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება ბევრად უმარტივებს არაქართულენოვან მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში წარმატებული კარიერის შექმნას. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად იზრდება მომავალი თაობის ინტერესი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენაზე ჩააბარონ.




