სამართლადამცველებმა ე.წ. სახალხო მკურნალი , დომენტი გაგნიძე დააკავეს და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში განმარტეს, რომ „ უკანონო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის შენიღბვის მიზნით, დომენტი გაგნიძემ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში მორფოლოგიის ინსტიტუტის ყალბი დასკვნა წარადგინა , თითქოსდა მის მიერ შემუშავებული წამლები გამოცდილი იყო.“ გამოძიებამ დაადგინა, რომ დომენტი გაგნიძეზე მსგავსი დასკვნა არ გაცემულა და ის გაყალბებული დოკუმენტით სარგებლობდა.
გავრცელებული ცნობებით, გაგნიძის სახლში, ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ფული და მასთან ერთად ის პრეპარატებიც ამოიღეს, რომლებიც კუსტარულ პირობებში მზადდებოდა.
ლაპარაკია „დომენტოლსა“ და „გაგენოლზე.“ დომენტი გაგნიძე ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული „პრეპარატების “ დამზადება სიზმარში ასწავლეს და მათი გამოყენებით შეეძლო ისეთი დაავადებების განკურნება, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი და კიბო.
თავის დროზე, საკუთარ საქმიანობაზე საუბრისას გაგნიძემ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში აღნიშნა, რომ ფარმაცევტული საქმიანობისთვის ლიცენზიას მთელი 6 წელი სდია და როგორც იქნა მიიღო.




