კრიმინალი

კერძო ბაღის აღმზრდელი 2 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დააკავეს

FrontNews.Ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის აღმზრდელის მხრიდან 2 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ მცირეწლოვნის ბებიამ ორი დღის წინ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, ბავშვს თვეების განმავლობაში ჰქონდა კისრის არეში დაზიანებები, ბაღი კი, მშობელს კამერების ჩანაწერების ჩვენებაზე უარს ეუბნებოდა. ლიკა მახარაშვილი წერს, რომ ვიდეოჩანაწერების მოთხოვნის ბოლო მცდელობისას, ბაღმა ბავშვს ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შემდეგ, მცირეწლოვნის ოჯახმა 112-ს მიმართა. ბებიის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის ვიდეოკამერების ჩანაწერებში ნახეს, რომ აღმზრდელი მცირეწლოვანზე ძალადობდა.

კომენტარები