თბილისის ქუჩებში პრესის ჯიხურების ალტერნატივა - წითელი ველოსიპედი გამოჩნდა. ჟურნალ–გაზეთები წითელ ველოსიპედზე საგანგებოდ მოწყობილი სტენდებიდან გაიყიდება. ახალი მეთოდით ჟურნალ-გაზეთები დღეს , "თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის" მიერ გამართულ აქციაზე, მეტრო "რუსთაველთან" შეიძინეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, ველოსიპედების რიცხვი უახლოეს მომავალში გაიზრდება და ისინი მთელი ქალაქის მასშტაბით ივლიან. მისივე თქმით, აქციის მთავარი მიზანია პრესა ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. დღევანდელ აქციაში საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია ხუხაშვილიც მონაწილეობდა. მისი აზრით, ახალი მეთოდების დანერგვა პრესის გავრცელების პროცესს არა მხოლოდ წაახალისებს, ბიზნესის თვალსაზრისითაც მომგებიან საქმიანობად აქცევს.
ბეჭდური პრესის გამომცემლებისა და გამავრცელებლების ინიციატივის ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს.




