განათლება

განახლებული მუზეუმი და ბიბლიოთეკა უნივერსიტეტებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მუზეუმის ექსპოზიციაში ხუთი ათასზე მეტი განახლებული ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც ახალ ვიტრინებშია განთავსებული. გამოფენილ ნიმუშებს რესტავრაცია 1945 წლის შემდეგ, პირველად ჩაუტარდა.

მუზეუმში სკოლის მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საბუნებისმეტყველო საგნებში გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ. მუზეუმის თანამშრომლები, მოზარდებზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს შემეცნებით ექსკურსიებს შესთავაზებენ.

დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განახლებული მუზეუმი მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს. ზოოლოგიის მუზეუმში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასაც. ბიბლიოთეკის ფოიეში XVIII, XIX და XX საუკუნეების უნიკალური გამოცემები განთავსდა. გამოცემები წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ლათინურ, ბერძნულ და რუსულ ენებზე.

ცენტრალური ბიბლიოთეკა ოთხი დარბაზს აერთიანებს - ტექნიკურ მეცნიერებათა დარბაზი 100-150 პერსონაზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტით. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარბაზში მხატვრული ლიტერატურის ფონდია დაცული. წიგნების ელექტრონულ ვერსიათა დარბაზში, სადაც ინტერნეტში ჩართული 100 კომპიუტერია განთავსებული, დაცულია ლიტერატურა, რომელიც შეესაბამება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალობას. პრესის დარბაზი აღჭურვილია 12 პერსონალური კომპიუტერით და რამდენიმე ათეული ადგილობრივი და უცხოური სამეცნიერო პერიოდული გამოცემით.

 

კომენტარები