ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებს სარედაქციო სტატია მიუძღვნა სათაურით „ბატონი სააკაშვილის არჩევანი“.
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს მოსაზრებას, რომ მასსა და მის მოსისხლე მტერს, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შორის, მსგავსება არსებობს. გასული კვირას The Post-ის სარედაქციო საბჭოსთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა ამ განსხვავებას: ბატონი პუტინის რეჟიმი დამყარებულია კორუფციაზე, მაშინ, როცა იგი ცნობილია იმით, რომ საქართველოს პოლიცია და ბიუროკრატია გაწმინდა კორუფციისგან. ბატონი პუტინი ომს აწარმოებს უმცირესობებთან, მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ ახლახანს მიიღო კანონი რელიგიური პლურალიზმის დასაცავად. ბატონი პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მაშინ, როცა საქართველო ძლიერი მოკავშირეა. სწორედ ამიტომაც, გააორმაგა საკუთარი ჯარისკაცების რაოდენობა ავღანეთში“, - აღნიშნულია სტატიაში.
„მაგრამ რატომ ხდება, რომ საქართველოს ლიდერი იმავე სიტუაციაშია, რაშიც რუსეთის ძლევამოსილი ლიდერი?“ - სვამს კითხვას გამოცემა. სარედაქციო სტატიის თანახმად , 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება, ბატონმა სააკაშვილმა არ ისურვა გამოერიცხა, რომ იმავე მანევრის გამეორებას აპირებს, რაც ბატონმა პუტინმა დააპატენტა. შარშანდელმა საკონსტიტუციო რეფორმამ საქართველოში დაასუსტა პრეზიდენტის ინსტიტუტი და გააძლიერა პრემიერი, რაც სააკაშვილს „სამსახურის შეცვლის“ შესაძლებლობას უტოვებს, როგორც პუტინმა 2008 წელს გააკეთა. „მე არ მინდა კოჭლი იხვი გავხდე“, - მოჰყავს გამოცემას სააკაშვილის კომენტარი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში გამართლებულია, ოღონდ „სააკაშვილის პირადი ამბიციების გამოკლებით“. მთელი რიგი ნაკლოვანებების მიუხედავად, საქართველოს არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანია, ვიდრე რუსეთში. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიბერალურ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების მხრივ ლიდერია და სწორედ ეს არის აშშ-ის პრინციპული მხარდაჭერის მიზეზი. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ქვეყანა კავკასიაში ნატო-სა და ევროკავშირის წამყვან პოტენციურ კანდიდატად განიხილება, - აღნიშნავს The Washington Post.
„თუმცა, თუ მომავალი არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, რომელსაც კვლავ უხელმძღვანელებს ბატონი სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სათავეში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იმყოფება, მისი მხარდამჭერები, შეერთებულ შტატებში და დასავლეთის ქვეყნებში, სავარაუდოდ, დაასკვნიან, რომ ის (ახალი მთავრობა) არც ისე გამორჩეულია. მისი ინსტიტუტები, მაგალითად სასამართლო, მყიფეა. მედიის დამოუკიდებლობა მერყევია. ბატონი სააკაშვილის პარტია, სავარაუდოდ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ წამყვან პოზიციაზე იქნება. იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდეს , ბატონმა სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადას და გზა დაუთმოს სხვა ლიდერებს“, - წერს გამოცემა.
The Washington Post ეხება ბარაკ ობამსა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრას. გამოცემის აზრით, ეს შეხვედრა, გარკვეულწილად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის საქართველოს ჯილდო იყო. ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ ობამამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადო და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
„თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბატონი ობამასგან ასევე მოისმინა, რომ იგი „მოელის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ და „ძალაუფლების ოფიციალურ გადაცემას, რომელიც საქართველოში უნდა მოხდეს“. თუ ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ამ პირობებს ვერ პასუხობს, საქართველოს დიდი პრობლემა ექნება, იმის მიუხედავად, ბატონი ობამა მოიგებს თუ არა საკუთარ არჩევნებს.“ - წერს The Washington Post .




