მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციის მსვლელობა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით 13 საათზე დაიწყო. ოპოზიციონერები იაკომენკას ქუჩით ბოლოტნაიას მოედნამდე ჩაივლიან, სადაც მიტინგი გაიმართება. მსვლელობაში ლიბერალური ძალები, ნაციონალისტები და მემარცხენეები ცალ-ცალკე კოლონებად მონაწილეობენ. დემონსტრანტთა შორის გამოჩნდნენ პროვოკატორები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი ტრანსპარანტების გაშლას შეეცადნენ.
პოლიცის მონაცემებით, მსვლელობაში 15 ათას ადამიანამდე მონაწილეობს. თუმცა, ოპოზიციის აზრით, დემონსტრანტთა რიცხვი გაცილებით მეტია.
იმავდროულად, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერები პოკლონაია გორაზე შეიკრიბნენ. ვრცელდება ცნობები, რომ მთავრობის მხარდასაჭერ აქციაზე ორგანიზებულად მიჰყავთ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, მიტინგში მონაწილეობისთვის კი მოქალაქეებს ათას რუსულ რუბლს სთავაზობენ.
დღეს მოსკოვში, სახაროვის გამზირზე ასევე მიმდინარეობს დემოკრატიული ძალების ალტერნატიული აქცია, მისი ორგანიზატორები ნაციონალისტებთან ერთად, უარს აცხადებენ მსვლელობაში მონაწილეობაზე . სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მიტინგს მართავენ პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ჟირინოვსკის მომხრეებიც.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ასევე სანქტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში და ქვეყნის სხვა ქალაქებში.




