რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა არაბული ქვეყნების ლიგა, სირიაში სადამკვირვებლო მისიის შეჩ ერების გამო და აღნიშნა, რომ პირიქით, დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას ემხრობოდა. არაბული ქვეყნების ლიგამ სირიიდან დამკვირვებლების გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ სირიის ხელისუფლებამ ლიგის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. არაბული ქვეყნების ლიგის წარმომადგენლები სირიის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ, ასევე მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შედეგად ერთიანი მთავრობის ფორმირებას.
სირიის დედაქალაქის გარეუბნებში მესამე დღეა გრძელდება შეტაკებები. უფლებადამცველების განცხადებით, კვირას შეტაკებებს 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 41 სამოქალაქო პირი. გავრცელებული ცნობებით, სირიიდან გაქცევა სცადეს ბაშარ ასადის ოჯახის წევრებმა, თუმცა ამაში მათ ოპოზიციის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა შეუშალეს ხელი.




