სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრს

 სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა პრემიერ-მინისტრს უზრუნველყოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებაში იმ ტიპის ცვლილებების  გატარება, რომლებიც შესაძლებელს გახდის ოჯახის ექიმის და უბნის ექიმის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებმა ბინაზე გაუწიონ ამბულატორიული მომსახურება გადაადგილების უნარის არმქონე პირს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების მიხედვით, სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს  ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის და ექთნის მომსახურებას ბინაზე.  მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი  მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაზღვევის  პირობები ვერ უზრუნველყოფს გადაადგილების უნარს მოკლებული   პაციენტების ჯანმრთელობის უფლების სრულ რეალიზაციას,  როცა ისინი საჭიროებენ როგორც ოჯახის ექიმის, ასევე ცალკეული სპეციალისტების ბინაზე კონსულტაციას.

 სახალხო დამცველის მიმართვაში  ნათქვამია, რომ სპეციალისტის ვიზიტი ბინაზე ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია, თუმცა პრობლემურია სადაზღვევო კომპანიების მიერ ამ ტიპის მომსახურების ანაზღაურების საკითხი, ვინაიდან მსგავს რეგულაციას არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის  დადგენილება. შედეგად, თუ პაციენტი გადაადგილების უნარს მოკლებულია და თავად არ შეუძლია მისვლა კლინიკაში, იგი შესაძლებელია აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩეს იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის ექიმს არ შეუძლია დასვას კონკრეტული და ზუსტი დიაგნოზი სპეციალისტის ჩარევის გარეშე.

 

კომენტარები