საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება. განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ეს ერთადერთი მსგავსი სკოლა იქნება კავკასიის რეგიონში და ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულების დიზაინერებად მოამზადებს.
დიზაინის საერთაშორისო სკოლის ამოქმედება დღეს დიმიტრი შაშკინსა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სამრეწველო დიზაინერის, პოპულარული მარკის ავტომობილების დიზაინერის, იტალიელი ჯორჯეტო ჯუჯაროს შეხვედრაზე გადაწყდა.
ახალი სკოლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს დიზაინის შემდეგ მიმართულებებზე განახორციელებს: პროდუქტებისა და სამრეწველო დიზაინი, კომუნიკაცია, რეკლამა, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, სატრანსპორტო დიზაინი, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინი.
დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი დიზაინერები წაიკითხავენ. ინიციატივა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა და მრეწველობისა და ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობის განვითარება. განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს წამყვან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელ სპეციალისტებს მოიწვევს, საქართველოში ერთი მილიონი ლარი გადაეცემა.




