ყირგიზეთში გატაცებული ქართველი გაათავისუფლეს

ყირგიზეთის სამართალდამცავებმა გატაცებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. მის გატაცებაში ეჭვმიტანილი პირები კი დაკავებულები არიან.

გამოძიების მონაცემებით, 52 წლის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც მხოლოდ ინიციალებით ( კ . ი . ) სახელდება , გასული თვის ბოლოს ბიშკეკის ერთ-ერთი სასტუმროდან სამმა უცნობმა პირმა გაიტაცა. ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაობის შედეგად პოლიციამ გატაცებულის ადგილსამყოფელი და გატაცებაში ეჭვმიტანილი პირები დაადგინა.

სამართალდამცველებმა  გატაცებულს ბატკენის ოლქის ერთ-ერთი სოფელში მიაგნეს და ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ისინი გატაცებულის ბიზნეს-პარტნიორები არიან, დანაშაულის მოტივი კი გახდა დავა კომერციულ და ვალებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს მოქალაქე ყირგიზეთში ციტრუსების იმპორტს ეწეოდა.

საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში ქართული მხარე იყო ჩართული. ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მან თავი შეიკავა გამოძიების დეტალებზე საუბრისგან, სანამ ყირგიზული მხარე თბილისს ინფორმაციას ოფიციალურად არ გადმოსცემს.

 

კომენტარები