განათლება

მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, სკოლა უფლებამოსილია დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სკოლის მიერ გაფრთხილების მიუხედავად, მოსწავლე 6 თვის განმავლობაში არ ცხადდება სკოლაში, არ იღებს შეფასებას და არც დარეგისტრირებულა ექსტერნად.

მოსწავლეს სტატუსი იმ შემთხვევაშიც შეუჩერდება თუ სკოლაში ჩარიცხული 5 წლის ასაკის მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას და მოსწავლის მშობელი წერილობით ითხოვს მოსწავლის სტატუსის შეჩერებას; უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე; მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას; დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი; მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

მოსწავლის სტატუსის აღსადგენად მოსწავლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა სტატუსი. მოსწავლე, რომელსაც აღუდგება მოსწავლის სტატუსი, უფლებამოსილი იქნება სწავლა გააგრძელოს შესაბამის კლასში, თუ მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა ან ისარგებლოს მობილობით. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საუძველზე, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის დაბადების მოწმობა მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით.

 

კომენტარები