ვლადიმირ პუტინმა თავისი საპრეზიდენტო პროგრამა გამოაქვეყნა. ყურადღებას პროგრამის იმ თავზე გავამახვილებთ, რომელიც რუსეთის , როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს, ამბიციებს ეხება. ”ძლიერი რუსეთი რთულ მსოფლიოში” ასე ჰქვია ამ თავს და მას ავტორი სწორედ იმის ხაზგასმით იწყებს, რომ უკანასკნელ წლები რუსეთმა აღიდგინა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მმართველობის პოზიციები , რამაც მის წინაშე ახალი შესაძლებლობები გახსნა. პუტინი აკონკრეტებს , რომ ახალ შესაძლებლობებს შორის იგულისხმება ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროექტების რეალიზაციაც.
” რუსეთის, ბელარუსიის და ყაზახეთის საბაჟო კავშირი მუშაობს. 2012 წლიდან რეალობად იქცევა საერთო ეკონომიკური სივრცე , ამით კი ინტეგრაციის პროცესში გაცილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება წინ. ჩვენ წავალთ უფრო შორს - ევრაზიული კავშირის შექმნისკენ და კარს გავუღებთ ახალ ეპოქას პოსტსაბჭოთა სივრცეში”. - აღნიშნავს პუტინი.
მის საარჩევნო დაპირებებშია მცდელობა რუსეთმა განავრცოს მსოფლიოში საკუთარი ეკონომიკური და კულტურული გავლენა. ” ჩვენ განვაგრძობთ საზღვარგარეთ რუსული ენის სწავლების მხარდაჭერას ”, - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის საარჩევნო პროგრამაში, მასში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთი მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს და არ მიატოვებს მათ გასაჭირში.
” თამაშის წესები” საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაში ვერ განისაზღვრება რუსეთის ზურგს უკან, მისი ინტერესების გვერდის ავლით - ესეც პუტინის საარჩევნო დაპირებაა. მისი განცხადებით : ”საერთაშორისო თანამშრომლობა - ორმხრივი მოძრაობის სივრცეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას და დიალოგს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი , კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიარაღებაზე კონტროლი, თუმცა, პარტნიორების ცალმხრივ ნაბიჯებს ( რუსეთის აზრისა და მისი ინტერესების იგნორირებით) ჩვენი მხრიდან ახლავს შესაბამის საპასუხო რეაქცია. ”
ვლადიმირ პუტინი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეს საგარეო საფრთხეების განეიტრალების უნარი. რუსეთის პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო პროგრამაში იღებს ვალდებულებას შექმნას უმაღლესი ბრძოლისუნარიანობის არმია და ფლოტი , განახორციელოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, ” პირადი შემადგენლობის ზრდით, სამხედრო მოსამსახურეების მომზადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებით.”




