მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა საზოგადოების უფლებაა, ხოლო ხელისუფლება პროტესტს უნდა უსმენდეს და საკუთარი კურსის კორექტირებას ახდენდეს.
„სწორი ფორმით გამოხატულ პროტესტს პოლიტიკური კურსის კორექტირებამდე უნდა მივყავდეთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ცუდი ნიშანია, თუ ხელისუფლება ამის მიმართ უგრძნობი დარჩება. “ - განაცხადა პატრიარქმა კირილმა სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც ეთერში შაბათს, შობის დღესასწაულზე გავიდა.
კირილი მიიჩნევს, რომ თუ მოქალაქეებს არ ექნებათ ხმისა და არსებული ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობის გამოხატვის უფლება, ისინი ამას თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ : „თუ რამე ხდება, საზოგადოებას უნდა ქონდეს უფლება, გამოხატოს უკმაყოფილება“.
თუმცა, მისივე აზრით, საზოგადოებას სიბრძნის გამოჩენა მართებს, რადგან ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ხალხში არსებული განწყობების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას შეეცდებიან.
ამასთან ერთად, პატრიარქი კირილი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების „მაკროდონეზე“ დაცვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა სიმართლის პრინციპი მათ პირად ცხოვრებაშიც დაცულია.
„განა პროტესტის გამომხატველთა შორის არ არიან ისინი, ვინც საკუთარ ქმარს ან ცოლს ატყუებენ, პარალელური ცხოვრება აქვთ, სუფთა არ არიან ბიზნესში? თუ ჩვენ სიმართლეს არ ვატარებთ პირად ცხორებაში, პროფესიულ საქმიანობაში, რატომ ვითხოვთ ასე მხურვალედ, რომ სამართლიანობა არსებობდეს მაკროდონეზე?“
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეკლესიას არცერთი მხარის დაჭერა არ შეუძლია და მისი სიტყვა ვერ იქნება პოლიტიზებული, რადგან მისი მრევლია მათ შორის, ვინც მოედანზე შეიკრიბა და მათ შორისაც, ვის წინააღმდეგაც ეს პროტესტია მიმართული.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია არ გავს 1917 წლის ან პერესტროიკის პერიოდის „მძაფრი ვნებების“ პერიოდს, თუმცა „მცირედიდან ამოიზრდება დიდიც“. პატრიარქი დარწმუნებულია, რომ რუსეთის საზოგადოებამ „ამოწურა კონფრონტაციის ლიმიტი“ და აღარ აქვს დაყოფის უფლება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებმა მასობრივი მიტინგები გამოიწვია. მონაწილეები აპროტესტებდნენ მრავალრიცხოვან დარღვევებს არჩევნებზე, მოითხოვდნენ შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას.




