საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესია, რუსეთის, სერბეთისა და იერუსალიმის საპატრიარქოებთან ერთად შობის დღესასწაულს იულიუსის კალენდრით ზეიმობს.
საშობაო წირვის დასრულების შემდეგ ტრადიციულად კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და საშობაო ეპისტოლეს კითხულობს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2012 წლის საშობაო ეპისტოლეში საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანლებს, სომხებს თუ ასირიელებს .. საქართველოს ყველა მკვიდრს მიმართა :“ გიხაროდეთ, რამეთუ დღეს იშვა ქრისტე! „
„ ადამიანს რაც უფრო მაღალი აქვს თანამდებობა და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, მადლმოსილებაც მეტი მართებს. ჩვენი პრობლემების უმეტესობა მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს.“- აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. მასში ყურადღება დროის ცვალებადობაზეც არის გამახვილებული და ხაზგასმულია, რომ ბრძოლა, რომელიც ადამიანის საზრისის, ანუ საზოგადოების წესისთვის დღეს მიმდინარეობს, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხორციელდება, ამ გზით კი ვრცელდება „ფსევდოკულტურა და ანტირელიგიურ ღირებულებათა სისტემები, რომელთა ქვაკუთხედსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას ეგოიზმი წარმოადგენს. ეგოიზმის წინ წამოწევა კი ხელს უწყობს პიროვნებაში მომხმარებლური და მომხვეჭელური მისწრაფებების განვითარებას, რაც იწვევს საზოგადოების საერთო დეგრადაციას, ხოლო გარემოში – ეკოლოგიურ კატასტროფებს.“ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ასევე აღნიშნავს, რომ უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს, ელექტრონული მედიით კი უარყოფითთან ერთად ბევრი საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება და ამიტომ „ კარგად უნდა ავითვისოთ ახალი ტექნოლიგიები და მათი საშუალებითაც უნდა გავუჩინოთ ახალგაზრდებს ღრმა აზროვნების, ავისა და კარგის გარჩევის უნარი“. კათოლიკოს-პატრიარქი დასძენს,რომ საჭიროა შეიქმნას "კონკურენტუნარიანი საინფორმაციო გარემო", რომელიც დაეფუძნება "ეროვნულ-ქრისტიანულ ფასეულობებს" და მათ თანამედროვეობასთან შეაზავებს.




