პირველკლასელთა ცოდნის შემოწმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინგლისურსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში ეროვნული შეფასება განახორციელა. სამინისტროს ცნობით შეფასების პროცესში საქართველოს 75-მა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა და სკოლების პირველკლასელთა 70%-მა მაქსიმალური ქულა დაიმსახურა.
ეროვნული შეფასება 2011 წლის დეკემბერში ორი მიმართულებით ჩატარდა: ინგლისური ენის სწავლება პირველ კლასში და ბუკის დანერგვა სასწავლო პროცესში. სკოლები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. პირველკლასელებს ევალებოდათ შესწავლილი მასალის შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებების შესრულება .
კვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით სამინისტრო აცხადებს, რომ ინგლისური ენის პირველივე კლასიდან, ბუკების საშუალებით სწავლებამ, მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდანაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. კომპიუტერებით სწავლებამ კი ბავშვების დაინტერესება და სასწავლო პროცესში მათი აქტიური ჩართულობა გამოიწვია.




