მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ რუსული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მემარცხენე ფრონტის აქტივისტს სერგეი უდალცოვს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. უდალცოვი 15 დღიან სასჯელს იხდიდა და კვირას უნდა გათავისუფლებულიყო. სამართალდამცავებმა იგი სასამართლოში საავადმყოფოდან მიიყვანეს, სადაც შიმშილობის მიზეზით გაუარესებულ ჯანმრთელობის გამო იმყოფებოდა.
უდალცოვის ადვოკატის თქმით, მას ბრალად ედება პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ორი თვის წინ გამართული აქციის დაშლის დროს. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდება უკანონოა და საქმე პროცედურული დარღვევებით წარიმართა.
განაჩენის გამოცხადების წინ უდალცოვმა განაცხადა, რომ მშრალი შიმშილობის გაგრძელებას აპირებს. სასამართლოს დარბაზში მას ექიმების დახმარება დასჭირდა. ადვოკატის თქმით, ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
განაჩენის გამოცხადება სასამართლოს წინ შეკრებილმა ასამდე ოპოზიციის აქტივისტმა გააპროტესტა, მათ შორის იყვნენ ალექსეი ნავალნი და გარი კასპაროვი. დღეს, მოსკოვის დროით 17 საათისთვის, უდალცოვის გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიცია მასობრივი აქციის ჩატარებას გეგმავს.





