ტაბულას ნაძვის ხე

ეს შეგრძნება უკვე მაშინ მოდის, როდესაც ზამთრის ცივ დღეს ქუჩაში გავდივართ და ის გირლიანდებით მორთული გვხვდება, მაღაზიის ვიტრინები კი საზეიმოდ განათებული. ამ დროს, ყინვისგან ლოყებავარდისფერებულებს ისეთი ემოცია გვეუფლება, თითქოს შობა-ახალი წელი უკვე მოვიდა. მიუხედავად ამისა, ნამდვილი შობა მაინც მოგვიანებით დგება, შინ, როცა ნაძვის ხის მორთვას დავამთავრებთ, მანდარინის სურნელით სავსე ჰაერს ჩავისუნთქავთ და დავფიქრდებით იმაზე, თუ რა კარგია ბავშვობიდან გამოყოლილი ეს რეფლექსური ემოცია - სიმშვიდისა და ირაციონალური ბედნიერების სინთეზი.

ნაძვის ხის გარეშე რთულია შობა-ახალი წელი წარმოიდგინო. არადა, ამბობენ, რომ ეს ტრადიცია არც ისე დიდი ხნისაა. ძველ დროში ადამიანები ყველა ხეს რთავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ყოველ მათგანში ცხოვრობენ კეთილი სულები. მაშინ ხეები საახალწლო სათამაშოების ნაცვლად ვაშლებით, კაკლებით და სხვადასხვა საგნებით ირთვებოდა.

თუ ბამბის რიგში ჩვენი ნაძვის ხე უკვე ნახეთ, გეცოდინებათ, რომ მისი მორთვის ფუნქცია ასო -მ აიღო თავის თავზე. სითბოსთვის სანტას ქუდიც დავაფარეთ, ამიტომ არის, რომ ახლა ასე თბილად და წითლად ანათებს. მასთან განშორება არც ისე იოლი იყო, მაგრამ ის აზრი, რომ საახალწლო ემოციის გაზიარება ახლა სხვებთანაც შეგვიძლია, დღესასწაულს უფრო მხიარულს და ბედნიერს ხდის.

 

შობა-ახალ წელს გილოცავთ!

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ჟურნალ „ტაბულას“ რედაქცია 

კომენტარები