ჯანდაცვის სამინისტროში ექიმთა პროფესიული საქმიანობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა 100-ზე მეტი იმ ექიმის საქმე განიხილეს, რომელთა მკურნალობით პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა ან ფატალურად დასრულდა. მათგან 28 ექიმს პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა, 70 კი გააფრთხილეს.
ანდრია ურუშაძის განცხადებით, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების საკითხიც განიხილეს. ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოვლინდა პაციენტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის, გულგრილი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ფაქტები. საავადმყოფოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, 7 ექიმს კი საქმიანობა შეუჩერდა, მათ შორის ერთს – სამუდამოდ. მინისტრის განცხადებით, ცნობილი გახდა საჩხერის რაიონის სავადმყოფოში უკანონო საექიმო საქმიანობის, საექიმო სერტიფიკატის გაყალბების, ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების უხეში დარღვევების ფაქტები. აღნიშნული საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.




