რუსეთი

მოსკოვს ნორდ-ოსტის ტრაგედიის გამო კომპენსაციის გადახდა დააკისრეს

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დააკმაყოფილა 2002 წელს მოსკოვში, დუბროვკას თეატრალურ ცენტრში დაზარალებულთა სარჩელი. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა სათანადოდ ვერ განახორციელა ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილების გათავისუფლების ოპერაცია და მოსკოვს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გავრცელებული ცნობებით კომპენსაცია მილიონ ევროს აღემატება და ის 64 მომჩივანზე უნდა გადანაწილდეს.

2002 წლის ოქტომბერში ჩეჩენმა მეამბოხეებმა მოსკოვის თეატრალურ ცენტრში  900 -მდე ადამიანი აიყვანეს მძევლად . მძევლების გათავისუფლების პირობად მათ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანა  დაასახელეს. მძევლების გათავისუფლების საქმეში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმი ჩართეს . მის მიერ შენობაში შეშვებული სპეციალური გაზი სასიკვდილო 130-ამდე ადამიანისთვის აღმოჩნდა. დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კრემლმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა „სამაშველო“ ოპერაციაში მონაწილეები. უპასუხოდ დარჩა ბევრი შეკითხვა, მათ შორის შეკითხვა : რატომ არ აღმოუჩინეს მაშინ მძევლებს სათანადო სამედიცინო დახმარება? რუსეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ სპეცრაზმმა საანესთეზიო გაზი გამოიყენა, თუმცა გაზის შემადგენლობას მალავდა.

„ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა ეს ოპერაცია? როგორ და რამდენად გაეწიათ დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება? როგორ გარდაიცვალნენ ადამიანები? არავის გამოუძიებია,  ამ მიმართულებებით არ აღძრულა არც ერთი სისხლის სამართლის საქმე,“- აღნიშნა ადვოკატმა კარინა მოსკალენკომ. " ეხო მოსკვისთან" საუბრისას მან თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, ვინაიდან ეს მის დამატებით დისკრედიტაციას განაპირობებს.

 

კომენტარები