შსს

შსს გიორგი ცაგარეიშვილის შვილის ცემის ფაქტზე

 

დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის ვაჟის,  ზურაბ ცაგარეიშვილის, სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა. შსს-მ   განმარტა,  რა დაადგინა გამოძიებამ, რომელიც 14 დეკემბერს დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ ცაგარეიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რესტორან HB-ში, სადაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ ივანე ერგემლიძესთან. ეს უკანასკნელი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა თავის მეგობრებს - ირაკლი გიორგაძეს, ლევან ჭუმბურიძეს, ვოვა ილინს, რათა ანგარიში გაესწორებინა რესტორანში მომხდარი შელაპარაკების გამო. ივანე ერგემლიძე და მისი მეგობრები დაელოდნენ რესტორანში მომხდარი შეკამათებისას ყველაზე აქტიურ მონაწილეს, ზურაბ ცაგარეიშვილს და რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ავტომანქანით გაყვნენ  სახლამდე. შევიდა რა ცაგარეიშვილი თავისივე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ივანე ერგემლიძემ მეგობართან, ირაკლი გიორგაძესთან, ერთად მიაყენა მას სხეულის დაზიანება.

2011 წლის 17 დეკემბერს ივანე ერგემლიძე დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქმეში ასევე წარმოდგენილია მხარეთა აღიარებითი ჩვენებები. გამოძიებას აწარმოებს ვაკე–საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება", - ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა კი 14 დეკემბერს,  შვილის თანატოლებთან დაპირისპირება გამორიცხა და მომხდარი საკუთარ პოლიტიკურ მოღვაწეობას დაუკავშირა. მათ შორის - „ქართუ ბანკში“ განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებულ განცხადებებს. გიორგი  ცაგარეიშვილი თავისუფალი-დემოკრატების წევრია.

 

კომენტარები