ოლიმპიადა

ლონდონი 2012: ჯერ მხოლოდ 10 ლიცენზია

ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ლონდონი მსოფლიოს დედაქალაქი გახდება: ინგლისის მთავარი ქალაქი XXX ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ლონდონი გახდება პირველი, რომელიც უმთავრეს სპორტულ ფორუმს მესამედ მიიღებს – 1908 და 1948 წლების შემდეგ.

XXX ოლიმპიადაზე მედლები სპორტის 26 სახეობის 38 დისციპლინაში გათამაშდება. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 144-მა ქვეყანამ გაინაღდა – მათ შორისაა საქართველოც.

ჩვენი ოლიმპიური გუნდი ჯერჯერობით 10 ლიცენზიას ფლობს.

ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე იასპარეზებს – ეს ერთგვარი რეკორდია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ოქროს (სეული, 1988), ვერცხლის (სეული, 1988) და ბრინჯაოს (პეკინი, 2008) მედლების მფლობელი ნინო სალუქვაძე ჩვენი გუნდის მედროშე იქნება.

ლონდონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამ. ივლისში, ტურინში გამართულ მსოფლიოს 46-ე ჩემპიონატზე მან ინდივიდუალურ პირველობაში ვერცხლის მედალი მოიგო.

ამას გარდა, საქართველოს ოლიმპიური გუნდი 3 ლიცენზიას ფლობს ძალოსნობაში. თავისუფალ ჭიდაობაში, ჯერჯერობით, მხოლოდ 4 ლიცენზიაა – 60, 74, 84 და 120 კგ წონით კატეგორიებში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი მხოლოდ ერთი – 66 კგ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა ეროვნულ ფედერაციებთან საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა დავით გობეჯიშვილმა მშვილდოსნობის, ბატუტზე ხტომის, ფრენბურთის, ჭიდაობის, წყლის სახეობათა, ფარიკაობის, მძლეოსნობის, ტაეკვონდოს, ნიჩბოსნობისა და ველოსპორტის ფედერაციათა მესვეურებს უმასპინძლეს.

მშვილდოსნობაში გაისად ერთადერთი სალიცენზიო ტურნირია დაგეგმილი: ივნისში, ამერიკაში ჩვენი ქალთა ნაკრები ოლიმპიადის 3 დარჩენილი ლიცენზიიდან ერთ-ერთის მოპოვებას ეცდება.

ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუბა გოლოვინა იანვარში, ლონდონში ეცდება ლიცენზიის აღებას. ახლახან, ბირმინგემში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაშვებული დასანანი შეცდომა რომ არა, მას უკვე განაღდებული ექნებოდა ოლიმპიადაზე ასპარეზობა.

პლაჟის ფრენბურთში საქართველოს ღირსებას კვლავ ნატურალიზებული ბრაზილიელები იცავენ: გეორ-გია და საქა-რთველო. ისინი ლონდონის საგზურის მოპოვებას გაისად, 7 სალიცენზიო ტურნირზე შეეცდებიან.

წყალში მხტომელთათვის უკანასკნელი სალიცენზიო ტურნირი თებერვალში გაიმართება. ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა თქმით, ოლიმპიადის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს ჭოლა ჭანტურიას.

ფარიკაობაში, ეროვნული ფედერაციის მესვეურთა განცხადებით, სულ მცირე, ერთი საგზური იგეგმება – ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობის მთავარ კანდიდატად კახა მაღრაძე ითვლება.

რაც შეეხება თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, აპრილიდან სალიცენზიო ტურნირების სერია იწყება – ლონდონის საგზურები ბულგარეთის, ჩინეთის და ფინეთის ტურნირებზე განაწილდება. ორივე სახეობაში საქართველოს ანგარიშზე ახლა მხოლოდ 5 ლიცენზიაა, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ლონდონში ჩვენი ორივე გუნდი სრული შემადგენლობით – 12 მოჭიდავით იასპარეზებს.

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უკრაინაში ემზადება და ფედერაციის თავკაცთა თქმით, საგზურსაც უნდა შეწვდეს – მაისში, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ელის მთავარი ტურნირი.

ოლიმპიადაზე ასპარეზობის კარგი შანსი აქვს ველომრბოლელ გიორგი ნადირაძეს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ის იტალიის ქალაქ ვერონაში მოემზადება, რაც მის შანსებს საგრძნობლად გაზრდის.

მძლეოსნობაში ლონდონში გამგზავრების სამი მთავარი კანდიდატია: ბირთვის მკვრელი მარიამ ქევხიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს, სპრინტერი დავით ილარიანი და სამმხტომელი ლაშა ღულელაური. მძლეოსნებს ოლიმპიადამდე სტამბოლის ჭერქვეშა მსოფლიო ჩემპიონატი და ჰელსინკის ევროპირველობა ელით.

გია ნაცვლიშვილის განცხადებით, სპორტსმენთა ასპარეზობას სალიცენზიო ტურნირებში სეოკ-ი დააფინანსებს.

კომენტარები