ტურიზმი

აჭარა ”ხუთვარსკვლავიანი ბრილიანტის” ჯილდოს მფლობელი გახდა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, კანში გამართულ ამერიკის აკადემიის დაჯილდოვებაზე ტურიზმის სფეროში პრესტჟული - ”ხუთვარსკვლავიანი ბრილიანტის” ჯილდო გადაეცა. საქართველომ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა: ბათუმი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ახალი საკურორტო ქალაქი; ინვესტორებისთვის ყველაზე მეგობრულ რეგიონად აღიარეს და ჯილდო გადასცეს აჭარის ავტონომიას. სპეციალური ჯილდო - ინოვაციური მმართველობისთვის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ დაიმსახურა.

ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით მედიასთან კომენტარში აღნიშნა: „ ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ, რეალურად, საქართველო მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდა და რომ ჩვენ ქალაქებს ცნობენ. ეს არის იმის გარანტი, რომ ქვეყანას ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა აქვს და ჩვენ უფრო დაცულიც ვხდებით.  ეს ის რეალობაა, როდესაც ერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ ყველა გვაღიარებს“

ამერიკული აკადემია მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე მოთამაშე წარმატებულ ქვეყნებს, კომპანიებსა და მომსახურეობის სხვადასხვა სექტორის საუკეთესო წარმომადგენლებს აჯილდოვებს. მსოფლიო მასშტაბით ტურისტულ სექტორში ამერიკული აკადემიის ჯილდო ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიად მიიჩნევა.

 

კომენტარები