სამხრეთ ოსეთი

მედვედევი: ცხინვალში კლანური დაპირისპირებაა

რუსთის პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა. კონფლიქტი  „პრეზიდენტობის“ გამარჯვებულ კანდიდატს ალა ჯიოევასა და ადგილობრივ რეჟიმს შორის  დმიტრი მედვედევმა კლანური  დაპირისპირებით ახსნა. მისი  განცხადებით, „სიტუაცია სამხრეთ ოსეთში შიდა წესებით ვითარდება და  ძალიან არ მომწონს, რომ ისინი (ადგილობრივი ძალები) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „ასე ხდება ხოლმე, განსაკუთრებით პატარა ტერიტორიულ ერთეულებში“.  „პროცესში იქ მხოლოდ რამდენიმე მონაწილეა, რომლებიც სხვადასხვა კლანებს წარმოადგენენ და პერიოდულად ერთმანეთს ედავებიან“, - განმარტა მედვედევმა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ცუდად აისახება „რესპუბლიკის“ ინტერესებზე, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერს და კვლავაც დაუჭერს.  

27 ნოემბერს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოიპოვა. თუმცა, 29 ნოებერს „უზენაესმა სასამართლომ“ არჩევნების შედეგები გააუქმა,   ოპოზიციის მხრიდან დაშვებული დარღვევების მიზეზით. დე ფაქტო  პარლამენტმა განმეორებითი არჩევნები მომავალი წლის მარტისთვის დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურმა მოსკოვმაც დაუჭირა მხარი. ალა ჯიოევამ  ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანა. მან მოქმედ რეჟიმს არჩევნების შედეგების აღიარება მოსთხოვა.

მოლაპარაკებებმა რუსეთის წარმომადგენლებთან შედეგი ვერ გამოიღო. დღეს ადგილობრივი უზენაესი საასამართლო ალა ჯიოევას სარჩელს განიხილავს, რომელიც არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. ოპოზიციის მომხრეები დანებებას არ აპირებენ და 11 აგვისტოს ალა ჯიოევას ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავენ. 

კომენტარები