სირიის კრიზისი

არაბული ქვეყნების ლიგამ სირიას სანქციები დაუწესა

არაბული ქვეყნების ლიგამ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკური ბლოკის 22 ქვეყნიდან დამასკოზე ამგვარი ზომების მიღებას 19 ქვეყანა დაეთანხმა. ერაყმა და ლიბანმა კი კენჭისყრისგან თავი შეიკავეს. სანქციები ზღუდავს სირიასა და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის კომერციულ ფრენებს, გაიყინება ასადის მთავრობის წევრების ანგარიშები, შეიზღუდება ლიგის წევრებსა და სირიის ცენტრალურ ბანკს შორის არსებული საბანკო გადარიცხვები და არაბული ქვეყნები სირიაში პროექტების დაფინანსებას შეაჩერებენ.

სირიის მაღალჩინოსნებმა არაბული ქვეყნების ლიგა კონფლიქტის ,,ინტერნაციონალიზაციაში“ , მისი წევრი ქვეყნები კი არაბული სოლიდარობისადმი ღალატში დაადანაშაულეს.

შეზღუდვების ამოქმედების მიზეზი სირიის მიერ ქვეყანაში ორგანიზაციის 500 დამკვირვებლის დაშვებაზე უარი გახდა. ისინი ქვეყანაში არაბული ქვეყნების ლიგის მიერ ინიცირებული სამშვიდობო გეგმის შესრულებას უნდა დაკვირვებოდნენ. გეგმა ოფიციალურ დამასკოსგან ოპონენტებთან დიალოგის დაწყებას, ქუჩებიდან შეიარაღების გატანასა და ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითვალიწინებდა.

სანქციების ამოქმედების ზუსტ თარიღზე ლიგის წევრები შემდეგი კვირის შეხვედრაზე შეთანხმდებიან.

 

კომენტარები