ეგვიპტის მმართველმა გენერალმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ქამალ განზური დაასახელა. იგი ახალ მთავრობას ჩაუდგება სათავეში. მის დანიშვნას კაიროს ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები განსხვავებულად შეხვდნენ. ერთი ნაწილისთვის იგი მისაღები კანდიდატურაა, რადგან განზური ქვეყანაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მართალია ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაკის დროს რამდენიმე სამინისტროს უძღვებოდა, თუმცა მოგვიანებით რეჟიმის ერთ-ერთი კრიტიკოსი გახდა. აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი კი მის ადგილას უფრო ახალგაზრდა ლიდერის დანიშვნას ელოდა.
შედეგად, მთავრობის ახალი ლიდერის დასახელების მიუხედავად მანიფესტაციები კვლავაც გრძელდება. ბოლო კვირაში 41 ადამიანი დაიღუპა. ეგვიპტელები სამხედრო ფრთას ხელისუფლების სამოქალაქო პრეზიდენტისათვის გადაცემის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. არმიის მტკიცებით კი არჩევნები გეგმის მიხედვით, მომავალ კვირაში გაიმართება.




