რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს საგარეო უწყების პასუხი მედვედევს

საქართველოს საგარეო უწყება ვლადიკავკაზში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.  საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული განცხადების შემდეგ სრულიად აშკარაა, რომ 1990-იანი წლებიდან სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და 2008 წლის აგვისტოს ომს ჰქონდათ და აქვთ კონკრეტული მიზნები - ცივილიზებულ სამყაროში, კერძოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა და მიმდინარე რეფორმების შეჩერება. "ამასთანავე, რუსეთი მიზნად ისახავდა ე.წ. "პრივილეგირებული ინტერესების ზონის" დაკანონებას, სადემარკაციო ხაზის გავლებას დემოკრატიულ სამყაროსთან და ამ საკითხზე საკუთარი შეურიგებელი პოზიციის დემონსტრირებას. უპრეცედენტო კორუფციასა და ტოტალიტარიზმში ჩაფლული რუსეთის დღევანდელ მესვეურთათვის ძალზე გამაღიზიანებელ და საშიშ ფენომენს წარმოადგენს საქართველოს, როგორც წარმატებული დემოკრატიისა და კანონიერებაზე დამყარებული სახელმწიფოებრივი აღმშენებელობის მაგალითი, ვინაიდან ასეთი მაგალითის არსებობა შეუძლებელს ხდის მათთვის დაუსაბუთონ საკუთარ მოსახლეობას იმ მახინჯი სახელმწიფოებრივი მოდელის აუცილებლობა, რომელსაც ისინი ქმნიან. სწორედ ამიტომაც არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. თუმცა, კანონზომიერი ისტორიული პროცესების მსვლელობას და თავისუფლების მოყვარე ერების წადილს მედვედევები ვერ შეაჩერებენ", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

21 ნოემბერს ვლადიკავკაზში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომით რუსეთმა ნატოს გაფართოება აღკვეთა.  

კომენტარები