საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა სოხუმში ე.წ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რუსეთის დელეგაციის ჩასვლას, სახელმწიფო სათათბიროს ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს ხელმძღვანელობით. საგარეო უწყების განცხადებაში ეს ვიზიტი შეფასებულია საოკუპაციო რეჟიმისთვის ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნის მცდელობად.
”სინამდვილე კი სულ სხვაა, დღეისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ძალისხმევის შედეგად ერთ უზარმაზარ სამხედრო ბაზად და შავიზღვისპირეთის და მთელი ევროპის დესტაბილიზაციის კერად იქცა.რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას. რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არაფრად აგდებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, არ აპირებდა და არც აპირებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების რომელიმე პუნქტის შესრულებას.”- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. აიძულოს ის შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის პროცესი.
სოხუმის შემდეგ კი 29 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციას ცხინვალში ელიან. გავრცელებული ცნობებით, რუსი დეპუტატების დელეგაციას ამ შემთხვევაში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. რუსი დეპუტატები ცხინვალში ე.წ. არჩევნების წინა სიტუაციას გაეცნობიან.