ინციდენტი პლენარულ სხდომაზე

 პარლამენტის დღევანდელ პლენალურ სხდომაზე ინციდენტიო მოხდა - დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ  მის კოლეგას პეტრე მამრაძეს დაარტყა. კონფლიქტი  პეტრე მამრაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს "ქართული პროვოკაცია" უწოდა, რასაც  ბობოხიძის აღშფოთება მოჰყვა. დეპუტატმა მამრაძეს "ახვარი" უწოდა და სახეში გაარტყა. ბობოხიძის დამშვიდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სცადეს.

როგორც ინციდენტის შემდეგ ბობოხიძემ განაცხადა, იგი მზადაა საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილება  შეწყვიტოს, თუ პარლამენტში „კიდევ ერთხელ განაცხადებენ, რომ ომები საქართველოს ინსპირირებული იყო“.

ინციდენტის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ  საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა,  არ გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ .

"ყველას მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. მაგრამ ისიც მესმის, რომ არსებობს  ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადავიდეს. ეს არის სახელმწიფო ინტერესების გადალახვა", – დასძინა ბაქრაძემ. მისი თქმით, მართლაც რთულია მოსმენა იმისა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ჩამოიშორა მისი ორი სისხლი და ხორცი – აფხაზეთი და სამაჩაბლო.
"ნუ გააკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. აკრიტიკეთ ხელისუფლება, მაგრამ ნუ ავნებთ ქვეყანას" – განაცხადა დავით ბაქრაძემ და ოპოზიციას პირობა მისცა, რომ სანამ პარლამენტის თავმჯდომარეა, ხელისუფლების კრიტიკის გამო მიკროფონს არავის გამოურთავს.

თავის მხრივ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამ მოწვევის პარლამენტში „მეხუთე კოლონის“ ზოგიერთი წარმომადგენელია შემორჩენილი.

მისი თქმით, სრულიად გასაგებია, რატომ უნდა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენელი ჰყავდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ფრაქციას, რომლის წევრიც პეტრე მამრაძეა, საერთაშორისო დელეგაციებში დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე წამოადგენდა. დღეს პარლამენტი, დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივით,  დელეგაციებიდან მისი გამოწვევის საკითხს განიხილავს. ეს  საკითხი კი დღის წესრიგში  მას შემდეგ დადგა, რაც ლორთქიფანიძემ  თორთლაძის ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დატოვა და ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გადავიდა. დებატებს კიდევ ერთი ინციდენტი მოჰყვა - დიმიტრი ლორთქიფანიძემ და უმრავლესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილს შორის   სიტყვიერი  შელაპარაკება მოხდა.

კომენტარები