
ფოტო: ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
თქვენს ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც Christian Science Monitor-ში გამოქვეყნდა, ამბობთ, რომ საზოგადოებამ, შესაძლოა, NATO მომავალი საფრთხეების წინაშე უძლურად მიიჩნიოს. რა გაძლევთ ამის საფუძველს?
ავღანეთის და ლიბიის მისიის შემხედვარე ამერიკელები იტყვიან, რომ ევროპას საკმარისი წვლილი არ შეაქვს. ბებერ კონტინენტს ავღანეთში საკუთარი სამხედრო ძალებისთვის შეზღუდვები აქვს დაწესებული – ლიბიის ოპერაციაში კი მხოლოდ 8 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ოცმა უარი თქვა.
რაც შეეხება ევროპელებს, მათ არ აინტერესებთ სამხედრო ექსპედიციები შორეულ ქვეყნებში, ისინი თავიანთ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ვერ ხვდებიან, თუ რატომ უნდა ხარჯონ ფული საზღვარგარეთ ჯარის შენახვაზე.
აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჩრდილოატლანტიკური საზოგადოება NATO-ს თავიანთი პრობლემების მომგვარებლად აღარ მიიჩნევს.
ევროპელებს აღელვებთ საკუთარი უსაფრთხოება?
რასაკვირველია. მათთვის უსაფრთხოება ენერგეტიკის სფეროს, სამუშაო ადგილებს, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას, საკვების უსაფრთხოებას, იმიგრაციასა და ტერორიზმს უკავშირდება. დღეს უსაფრთხოება გაცილებით მეტია, ვიდრე ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა. შესაბამისად, NATO-ს წესდების მე-5 მუხლზე აქცენტირება, უსაფრთხოების ფართო გაგებით, მართებული გზაა საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. ბევრად უფრო გასაგები, ვიდრე ათასობით კილომეტრის დაშორებით ჯარების გაგზავნა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ NATO მათ უსაფრთხოებას იცავს.
რატომ შესუსტდა ტრანსატლანტიკური სოლიდარობა? ნუთუ მხოლოდ საბჭოთა კავშირის საფრთხე აერთიანებდა ამერიკასა და ევროპას?
უთანხმოება, ახალი გამოწვევების გამკლავების გზების თაობაზე წარმოიშვა. მაგალითად, ავღანეთის ომზე თავდაპირველად ყველა თანხმდებოდა, ვინაიდან თალიბანის მოსაშთობ სწრაფ ოპერაციად განიხილებოდა, რასაც სამშვიდობო მისია უნდა მოყოლოდა. თუმცა, როდესაც გაირკვა, რომ ეს ბოსნიის ან, თუნდაც, ბაღდადის მსგავსი სამშვიდობო მისია არ არის – პრობლემებიც წარმოიშვა, ვინაიდან ევროპის ქვეყნებს საბრძოლო მისიის შესრულება არ სურდათ. აქედან დაიწყო უთანხმოება. იგივე ხდება ახლა ლიბიასთან დაკავშირებით – გერმანიასა და თურქეთს არ სურთ, რომ NATO-მ იქ რაიმე ტიპის სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს.
1999 წელს, როდესაც NATO-ში ვმუშაობდი, სოლიდარობა ჯერ კიდევ საკმაოდ მყარი იყო. მაგალითად, საბერძნეთმა კოსოვოში საჰაერო ოპერაციის ჩატარებას, სწორედ ამგვარი სოლიდარობის გამო დაუჭირა მხარი, თუმცა, რეალურად, ამის წინააღმდეგი იყო. განცდა იმისა, რომ NATO-ს ერთიანი პოზიცია უნდა არსებობდეს, ახლა აღარ არის.
ევროპას, ერთი მხრივ, სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ავღანეთის ომისადმი, მეორე მხრივ კი, ძალიან იაქტიურა ლიბიის მისიის დასაწყებად. რატომ გამოიჩინა, მაგალითად, საფრანგეთმა ასეთი ენთუზიაზმი ლიბიის მიმართ?
პირველ რიგში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. თანაც, ტუნისსა და ეგვიპტეში წარმატებული რევოლუციების შემდეგ, ეგონათ რეჟიმის მოშლა აქაც ადვილი იქნებოდა. არ მოელოდნენ, რომ კადაფი ასეთი კერკეტი კაკალი აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, სარკოზისთვის სერიოზული მსოფლიო ლიდერის როლის თამაში, საფრანგეთის შიდა პოლიტიკურ ბაზარზე მომგებიანია.
სემუელ ჰანტინგტონმა თქვა: იმისათვის, რომ გაიგო ვინ ხარ, უნდა იცოდე ვისი წინააღმდეგი ხარ. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, NATO-მ იცოდა ვის ეწინააღმდეგებოდა. ახლა ვისი წინააღმდეგია?
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მობილიზება მხოლოდ რაიმეს წინააღმდეგ არის შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ NATO-ს ქვეყნები თავისუფალი საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების დაცვის იდეების გარშემო არიან მობილიზებულები. ეს არის, რაც გვაერთიანებს.
ახლა, ამ იდეების მთელ მსოფლიოში, ყველასთვის მისაღები გზებით გავრცელებაზე უნდა ვიფიქროთ. შესაძლოა, NATO არ იყოს ყველასათვის მისაღები ინსტრუმენტი, მაგრამ იდეები, რომლებისაც ჩვენს საზოგადოებებს სწამთ, მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს.
ბუქარესტის სამიტზე აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოება აშკარად გამოჩნდა. და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ბალტიის ქვეყნებისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების დროსაც იყო სირთულეები და აშშ-მა მაშინ ბალტიის ქვეყნებთან ორმხრივ შეთანხმებას – ბალტიის ქარტიას მოაწერა ხელი, რომელიც ძალიან ძლიერ სამხედრო კომპონენტს მოიცავდა. საქართველოსთან ასეთი ქარტია სამხედრო კომპონენტის გარეშე გაფორმდა. როგორ ფიქრობთ, იქნებოდა აშშ-სთვის გონივრული ნაბიჯი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის კომპონენტის გაძლიერება?
ნებისმიერ ქვეყანას აქვს თავდაცვის, ძლიერი, პროფესიონალური არმიის მშენებლობის უფლება. ამის კეთების ისეთი გზები არსებობს, რომ ეჭვი არ გაჩნდეს, თითქოს თავდასხმის შესაძლებლობებს ქმნით, მეზობელი რეგიონების წინააღმდეგ აგრესიისთვის ემზადებით ან რაიმე მსგავსი.
მიმაჩნია, რომ არსებული ვითარება უნდა გაითვალისწინოთ. დღევანდელი რუსეთი 1990-იანი წლების იმ რუსეთისგან ძალიან განსხვავდება, რომელთანაც ბალტიის ქარტიის ხელმოწერის დროს გვქონდა საქმე. ეს სახელმწიფო, ახლა, ბევრად უფრო აგრესიულია – უკვე თქვენი ქვეყნის ნაწილი დაიპყრო და სამხედრო კონტინგენტი განალაგა. ვითარება განსხვავებულია და ეს უნდა აღიაროთ. ეს ჩვენ ხელს არ შეგვიშლის, დაგეხმაროთ პროფესიონალური არმიის მშენებლობაში. თუმცა, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმას, თუ როგორ ვაკეთებთ ამას, რადგან მძიმე ვითარების გაუარესება არ გამოვიწვიოთ.
ფოტო: ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ჩემმა მეგობრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მითხრეს, რომ ემბარგო არ არსებობს. თუმცა, რეალურად, ეს ასეა. გეთანხმებით, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე რაიმე აკრძალვა არ უნდა დაწესდეს და საქართველოსთვის დახმარებისას, რომელსაც საიმედო, პროფესიონალური არმიის შექმნა სურს, პროაქტიულები უნდა ვიყოთ, ჩვენ გვსურს ქართველ სამხედროებთან თანამშრომლობა და სამშვიდობო ოპერაციების ერთად შესრულება. თქვენ ავღანეთის მისიაში მონაწილეობთ და გვინდა, ეს რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს. თქვენ თავდაცვის ლეგიტიმური უფლება გაქვთ.
რამდენად შედეგიანი იყო გადატვირთვის პოლიტიკა? ხომ არ ამოწურა ამ პოლიტიკამ თავი?
გადატვირთვის პოლიტიკამ აშშ-სა და რუსეთს შორის ატმოსფერო შეცვალა, ისეთი მტრული განწყობა აღარ არის და ერთმანეთს ქვებს აღარ ვესვრით, რაც, უდავოდ, კარგია. მაგრამ, კონკრეტულ საკითხებს როცა უღრმავდები, ხედავ, რომ გადატვირთვას არაფერი მოუტანია. ირანისთვის სანქციების დაწესებას რუსეთმა ხმა მისცა, მაგრამ ირანის საკითხს ამ ქვეყანამ ბუშის ადმინისტრაციის დროსაც მისცა 3-ჯერ ხმა. თუმცა, ამას არც მაშინ და არც ახლა რაიმე შედეგი არ გამოუღია. ავღანეთში ტრანზიტზე მოლაპარაკება ბუშის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და შეთანხმება იქნა მიღწეული, ხოლო ობამას ადმინისტრაციის პერიოდში უფრო გამყარდა – რაც კარგია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გადატვირთვის პოლიტიკის გარეშე ეს არ მოხდებოდა. რაც შეეხება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას (START), ეს მოსკოვის შეთანხმების გაგრძელებაა.
ამ პოლიტიკას რუსეთი ბევრ იმ სფეროში, რომელშიც ვისურვებდით, არ შეუცვლია – უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რუსეთი უფრო და უფრო ავტორიტარული ქვეყანა ხდება, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებისათვის, პოლიტიკური პარტიებისათვის, დამოუკიდებელი მედიისათვის ადგილი აღარ რჩება. სახელმწიფო საწარმოებს კრემლისა და КГБ-ს მესვეურები აკონტროლებენ, ეკონომიკას კი, მეზობელ ქვეყნებზე ზემოქმედებისათვის, პოლიტიკურ ბერკეტად იყენებენ. ძნელია, ივარაუდო, როგორ გაგრძელდება ეს პოლიტიკა. ამას ობამას ადმინისტრაციაშიც ვერავინ იტყვის. თუმცა, არა მგონია, სიტუაცია შეიცვალოს და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება მოხდეს. ამას არ ველი, მაგრამ ვერც ამ პოლიტიკის შემდგომი განვითარების პერსპექტივას ვხედავ.
ობამას ადმინისტრაციას ოპონენტები მოკავშირეების მიტოვების გამო აკრიტიკებენ. არსებობს იმის საფუძველი, რომ მოკავშირეებმა თავი მიტოვებულად იგრძნონ?
ეს განცდა 2009 წელს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებაზე მიდგომის შეცვლამ გააჩინა. მაშინ, ობამას ადმინისტრაციამ უმნიშვნელოვანესი რამ ვერ გაითვალისწინა: სისტემის განთავსების მთავარი მიზანი რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა სულაც არ ყოფილა; მთავარი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ აშშ მათ უსაფრთხოებაზე და რუსეთთან მათი ურთიერთობების დარეგულირებაზე ზრუნავდა. ეს ერთგვარი ტესტი იყო – მივიღებდით თუ არა რუსეთის პრეტენზიას გავლენის სფეროების შესახებ. მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე ფოკუსირებით და ვარიანტების განხილვით, თუ რომელი სისტემა ჯობდა, ჩვენ ყველა საკითხი დავივიწყეთ, რაც ხალხს ნამდვილად აღელვებდა. ამან კი, არცთუ უსაფუძვლოდ, ძალიან ბევრი ადამიანი გაანაწყენა, რომელიც ჩვენი კარგი მეგობარი იყო და თანამშრომლობდა. ეს არ იყო შორსმჭვრეტელური პოლიტიკა.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. რა გავლენას მოახდენს ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე?
ეს არჩევნები საგარეო პოლიტიკას საერთოდ არ შეეხება. ჩვენ მაღალი უმუშევრობა, დიდი საბიუჯეტო დეფიციტი, უზარმაზარი ვალი და ეკონომიკის ნელი ზრდა გვაქვს – აი, ამ საკითხებზე იქნება საარჩევნო კამპანია ფოკუსირებული.




