ღონისძიება სოხუმში მოსკოვის დროით 12 საათზე დაინიშნა. ” ვინაიდან ვადამდელი არჩევნები დაინიშნა სერგეი ბაღაფაშის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, გადაწყვეტილება მივიღეთ ცერემონიალი მოკრძალებულად ჩავატაროთ” - მოჰყავს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სიტყვები. გავრცელებული ცნობებით ,ალექსანდრე ანქვაბის ე.წ. პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიალს რუსეთიდან ფედერაციის საბჭოს ახალი თავმჯდომარე უნდა დასწრებოდა. სეპარატისტული ამბოხების შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რიგით მესამე ლიდერი გახდა, ვლადისლავ არძინბას და სერგეი ბაღაფშის შემდეგ. 2008 წელს , საქართველოზე თავდასხმის შემედგ, მისი დე ფაქტო მმართველობის ქვეშ მყოფი საქართველოს რეგიონის დამოუკიდებლობა 5 ქვეყანას აქვს აღიარებული, ესენია : რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და ბოლო ცნობებით ტუვალუ. ამ უკანასკნელის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ცნობები სოხუმმა და მოსკოვმა გაავრცელა. ცნობების თანახმად, რუსეთმა ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა სწორედ მას შემდეგ, რაც ტუვალუმ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ფლობენ რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას ტუვალუს გადაწყვეტილების თაობაზე და თუ ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურდება საქართველოს პასუხი იქნება ადეკვატური. საგარეო უწყების წარმომადგენელმა დავით ჯალაღანიამ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა საქართველოს მიერ ტუვალუსთვის დახმარების გაწევის ფაქტი. ” ეს მოხდა ტუვალუს თხოვნით , ჩვენ მას სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით” - აღნიშნა ჯალაღანიამ.
სოხუმში ე.წ პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება
tbl.ge/1mzu
დაკოპირდა




