ქართველი მხატვრები Lunds Konsthall-ში

დავით კაკაბაძე 1950
შვედეთის ქალაქი ლუნდი სკანდინავიაში საუკეთესო უნივერსიტეტისა და ცნობილი საგამოფენო სივრცის – Lunds Konsthall-ის დამსახურებით სტუდენტებისა და არტის ქალაქად ითვლება. ცნობილი შვედი არქიტექტორის – კლას ანსჰელმის მიერ გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებულ მოდერნისტულ საგამოფენო სივრცეში, დღემდე, ერთმანეთს ცვლის უამრავი საერთაშორისო არტ-პროექტი თუ ცნობილ არტისტთა პერსონალური გამოფენა. 3 სექტემბრიდან კი, Lunds Konsthall-ის ბანერი დამთვალიერებელს ქართველ მხატვართა გამოფენაზე ეპატიჟება: „To see Dimensions. Artists from Georgia” („რათა დაინახო განზომილებები. არტისტები საქართველოდან”) – წერია სარეკლამო აბრაზე, რომელზეც მასშტაბური და საკმაოდ შთამბეჭდავი დოკუმენტური ფოტოა დაბეჭდილი. სურათზე, დავით კაკაბაძისა და შალვა ქიქოძის პარიზული პერიოდის ქრონიკის ფრაგმენტია ასახული, სადაც მხატვრები ერთმანეთს ჭადრაკს ეთამაშებიან.

გამოფენის შვედმა კურატორმა – ანდერს კროიგერმა დამთვალიერებელს „განზომილების დანახვა” 7 ქართველი არტისტის სპეციალურად შერჩეული ნამუშევრების ერთობლიობის შედეგად შეაძლებინა. ექსპოზიციის ცენტრალური ადგილი ბერლინში მოღვაწე თეა ჯორჯაძის ინსტალაციას „Explain Away ე.ი.” უჭირავს. ეს არტისა და ინტერიერის საზღვარზე მყოფი ოთხგანზომილებიანი სპეციალური კონსტრუქცია გახლავთ.

საგამოფენო სივრცეში ვატო წერეთლის ფოტოსერია – „არქივია” მიმოფანტული. ეს მასშტაბური ზომის 8 ფოტოა, რომლებიც ვატომ ბაბუის – ვახტანგ ცინცაძის სამეცნიერო არქივში მოიპოვა და რომელზეც 50-იანი წლების თბილისის, კაცხის სვეტის, ბესლეთისა და აწყურის ციხეებია გამოსახული. თვალში საცემია მამუკა ჯაფარიძის ცნობილი ოპტი-მისტიკური ტაქსი-ველოსიპედი, რომელიც მარტივად გასაშიფრი ვიზუალური ტრიუკით „დამატებით განზომილებას” გვიჩვენებს. აქვეა გურამ წიბახაშვილის ცნობილი „ულისეს” სერია – 90-იანი წლების ქუჩის ფოტოები ჯოისის „ულისეს” ციტატებით. დროისა და სივრცის განზომილების დანახვას ჟენევაში მოღვაწე ქართველი არტისტის – კოკა რამიშვილის აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები კიდევ უფრო აძლიერებს: „ომი ჩემი ფანჯრიდან” (1991-1992წწ.); „Change” (2005წ.) და Tender Transitory Transport (2008წ.).
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია კინორეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის 1986 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი „საფეხურები”. სურათი 80-იანი წლების საბჭოთა ყოველდღიურობაზე, კლაუსტროფობიასა და ჩაკეტილ სივრცეზე მიგვანიშნებს.

გამოფენას კი დავით კაკაბაძის ექსპერიმენტული ნამუშევარი აგვირგვინებს: როგორც ცნობილია, მან 1923 წელს სამგანზომილებიანი სტერეოსკოპული კინოს სისტემა შექმნა და ექსპოზიციაზე მისი პატენტის ასლი არის წარმოდგენილი. ამ იდეის დემონსტრირებისთვის კი თავის დროზე მხატვარმა სტალინის ფოტოპორტრეტი 19 სეგმენტად დააქუცმაცა. მხატვრის ეს ექსპერიმენტი სამ განზომილებაში Lunds Konsthall-მა, დავით კაკაბაძის მკვლევართან, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილთან თანამშრომლობის შედეგად, დამთვალიერებლის წინაშე პირველმა წარადგინა.
ქართველ არტისტთა გამოფენა ლუნდის Konsthall-ში, რომელიც CCA-T-სთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა, 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები